დამემგზავრე

Sonntag, 31. Juli 2011

მ ს ა ხ ი ო ბ ი

ფერებს შემოდგომის ვირჩევ,
ვირგებ მსახიობის ნიღაბს,
ცხოვრება მაინც უსვამს ნიჩბებს
დადგმული მასკარადის მიღმა...
ქარებს ავიყოლებ მდევრად,
ერთად ავათავებთ  აღმართს,
მაინც ქალი ვარ და ჰბედავს,
საგზლად ამედევნოს დაღლა...
დრო  დაახრიგინებს რიხით
სიცოცხლეს, იდუმალი  ეტლით,
წამებს ამიწონის მიხლით,
წუთი დასრულდაო მეტყვის...
დროის არ სრულდება სივრცე,
ჩემს როლს გააგრძელებს ვიღაც,
ფერებს შემოდგომის ვირჩევ
ვირგებ მსახიობის ნიღაბს...
                                                           2010

ამოგიჩემე...

ამოგიჩემე...
იქნებ ვცდები,
მაგრამ ღმერთმანი,
გული სცდებოდეს,
მზე ცის თაღზე როგორ გასძლებდა?..
ცრემლს დაადენდა
დედამიწას, შუქი ფერმკრთალი,
კაცობრიობა ვერ გასტანდა,
ალბათ ას წელსაც...

Mittwoch, 27. Juli 2011

* * *



იმ დროს მოხვედი,

როცა უკვე წასვლისა იყო,

სითბო აღარ მაქვს

და სიცივეს შუა გაგიყოფ...

დღეს ეს საწუთრო

ჩემში დასახლდა, როგორც სახადი,

გინდა???

შვილებით გავინაწილოთ

გ ა დ ა ს ა ხ ა დ ი...


2009გერმანია

* * *


      
განდეგილივით სიმარტოვის
შევაღებ კარებს
და ჩემს საყუდელს ჭიუხს, ლეგა
ღრუბელზე გავშლი,
სახლში შევალ და არაფერი
დამრჩება გარეთ...
გარეთ გამოსულს არაფერი
დამრჩება სახლში...





23.12.2010

მაპატიე დედა!


ისე შეგატოვე ხელში გარინდება,
თითქოს ჰაერს შერჩა ჩემი ორეული,
დედი, დღეს წამწამმა თრთოლვა გაგიბედა,
ღაწვი შეგიფაკლა გრძნობა_მორეული...

შემკრთალი სიმშვიდით ცრემლს რომ ეამბორე,
დედა დღეს პირველად შენში გავიცანი,
ოდნავ მაცდური და მუდამ მეამბოხე,
მზერა შემიხვიე საგზლად, ნაღვლიანი...

ვეღარ განუგეშებს ვიცი გაზაფხული –
მე და აპრილმა ცრემლით მოგიყვანეთ,
დღეს ბოლო შეხედვა სიშორეს გპირდება,
ტკივილს ვერ ვაყუჩებ შენში მობინადრეს...

ვხედავ, ბედტიალი, ჟამი უკეთური...
ყოველდღე თითო იმედს გვართმევდა...
გწამდეს, ამ ტკივილებს გავაუფერულებ,
გაზაფხულს დავხატავ, დედა შენს თვალებთან...

არაფერს გპირდება ურჩი გარინდება,
ჰაერი შეგატოვე გრძნობა_მორეული,
დედი, წამწამმა რომ თრთოლვა გაგიბედა,
პატიებას ითხოვს ჩემი ორეული...

2009გერმანია

წამის ფანტაზია...



მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი:
–წვიმის შემდეგ,
მზესთან ერთად 
ცის შვიდფერი
ცის_სარტყელის ფერების ნაცვლად,
სამყაროს მიღმა მომზირალი
შენი თვალების ფიქრებს,
 ზეცად შევფანტავდი!
...და ჩემს მოლბერტზე დარჩებოდა
ფერი ამ მზერის!!!

(2009 გერმანია)

* * *



რა მელექსება ძმაო და
გულ მეწურება ტიალი,
წუთისოფელმა უნდობმა
ჰქმნა, ჯარასავით ტრიალი...
სულ ლექსი როგორ მოგიდის?
_მკითხავ...
_გპასუხობ ვერა რას,
ფურცელ რო ჯავრი არ ვანდო,
შიგნი  გამომხრავს, ვერანა...
16.12.2010

Freitag, 22. Juli 2011

* * *


    

მცირე ტალღა ვარ,
დაცემული ქვიშას,
უმწეო,
უკანასკნელი გაბრძოლებით
მშველელს უხმობდა,
ემუქრებოდა უსასოო,
ყოფნა უმზეო,
როდის გასვლია?..
მცირე ტალღას _
ზღვასთან ხუმრობა...

Donnerstag, 21. Juli 2011

მჭირდები...


 მოგდევ...
ვიღლები...
ვჩერდები, რომ  ჩაგისუნთქო ისევ შენ...
მე ხომ ყველაზე მეტად მჭირდები ახლა...
ჰო, ვიცი  მეტყვი:
–„მეჩქარება“!
და...
გარბიხარ...
დღეს უსაშველოდ შეგიგრძენი, ამოგისუნთქე და დაპატარავდი...
სულ ერთი ციცქნა, ერთ წამში ჩაგტიე და გამიქრი...
ხელი გამოგიწოდე, მინდოდა ჩაგხუტებოდი, წამით, ერთ წამში შემეჩერებინე...
დღეს ხომ ყველაზე მეტად, სულის კივილამდე მჭირდებოდი...
„დროს ეჩქარება!“ მიპასუხე და ისევ გაყინულ თითებში შემომადნი...
ერთი  წუთი, სამოც  წამად დაყოფილი, სამოცი წამი, სამოცი წელიწადი   თორმეტად დანაწევრებული, თითოეული კი ოცდათერთმეტად, ხანაც ოცდაათი... ჰო კიდევ ოცდარვა და ოცდაცხრაც ხანდახან, ესაც ისევ შენ როგორ მოგესურვილება განავარდება, ისე უნდა აგიწყო მეც ფეხი...
მოგდევ...
ვიღლები...
ვეცემი???
არა, არ დავეცემი, მე გადეწევი...
მე ხომ მჭირდები...

Stuttgart      2009

მამაო ჩვენო!!!



(მამა, ანდრია პაპუაშვილის ხსოვნას)
მამაო ჩვენო!
დაიფარე შენსკენ მავალი,
აუვსე რწმენით საყუდელი,
მარადიული!
შეუმსუბუქე სამოთხის გზა,
ტანჯვად ქცეული!
მიუსაფარი, განწირული
გევედრი...
ღმერთო!..
მადლი შენს მიერი,
წმინდა ლოცვის,
მის სულს  შეედროს...
მამაო ჩვენო!
შეგავედრებ მე მუხლმოდრეკით
მამა(ო)  ჩემი...
სულის ჩემის ნავსაყუდელი...
და განშორებით ამა ქვეყნისგან
დაუმკვიდრე, ცათა შინა
სასუფეველი...
/Deutschland,Stuttgart, 2010 Ostern/

***


ლოცვით გავიკვლევ
ნაჩვევ ბილიკებს,
იღვენთებიან
ფიქრად დღეები
და...
მე წარსულის
სანთლის ციმციმზე
შორს მომავალში დავეხეტები...
შევეხიზნები
დღეებს ფეთიანს,
დრო უნდობელი
სუნთქვას თუ მაცლის,
ცხოვრების წიგნზე
სანთლად ვენთები,
მის მთრთოლავ ფურცლებს
ლოცვით გადავშლი...
(2008გერმანია)

* * *



გადის დრო,
ტიალი ცხოვრება,  წამია...
აღარად
დაგიდევ დღეს  ზეცას დარდიანს...
მალულად
დაჰხელავს ცრემლებს წამწამი და
 უფერო
დღეებიც  ნისლებად დადინდა...
...და ეს დრო,
ტიალი, უშენო წამები,
ნეტავი
იცოდე, რარიგად დამღლიან...
...და როცა
ეს წუთი გულს დაღლის წამებით
და მზე
ჩასვლისას ცას ტოვებს დამღიანს,
როდესაც
სიცოცხლეს სიკვდილი ნაკლად აქვს,
მშობლიურ
ბილიკებს ხვალ ვეღარ გავკვალავ,
მოვკრეფავ
მარცვლებით სტრიქონებს ანკარას
და დავლევ
ბოლო წამს, ცხოვრების ნაპრალთან...

                                                     Deutschland,Stuttgart  27.12.2009

Mittwoch, 20. Juli 2011

მწყურიხარ



ჩურჩულით გპასუხობს გული და
 
საწადელს თვალები გირანდავს, 
ვერ ვბედავ...
კრძალვა და რიდია...

მწყურიხარ...
 
და მაინც მივდივარ...
მივდივარ და მზისფერ კულულებს

სხივს დაუწალიკებს მთის ქარი,

დროც ტიალ ჭრილობებს მიწყლულებს
 -გულისთქმა რაით ვერ გითხარი...
სიცივით შემკრთალი თვალებით,
 
თითებზე დამტირის სანთელი,
მწყურიხარ...

საწადელ ვერ განდე
,
დარდს ჩუმად დაუხრავს სათქმელი...

მთებისკენ შენს მზერის ბილიკებს

შევყვები,

სულ გადაგივიწყებ...


ყბებს უვსებს ნისლები ხეობებს,
 
საფიხვნოს ჩამამსხდარნ ღრეობენ...

* * *

გეძახი, ჩურჩული  ქარს მიაქვს,
მიაქვს და ცას აკრავს ბინდებად,
მეაც თუ სურვილმა ამრია,
ნისლებო ნუ გაგიკვირდებათ..
           გეძახი...


გეძახი და ეს ხმა ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს,
                        აწყვეტილ
                                            ხარხარით,
რა უნდო,
                     წყეული ჟამია,
ბედკრული ჩემივ ხმა ჩამძახის...
ნისლს იცვამს მთა, ფიქრიანია,
ჭიუხიც აღარა მჩქამდება,
უდროოდ  რად მიიჩქარიან,
დღეები შორს გარდაცვალებად...
სამყაროს მგლისფერი მუნდირი
მოუსხამს, ცის სუფრას თამადობს,
მწარეა ეს ყოფა  დუხჭირი,
ფიქრთა სარეცელზე ვავადობ...
გეძახი,  და ეს ხმა ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს,
                         ჩვეული
                                              ხარხარით...
ეს ჟამნიც თავის გზით წავლიან,
ჩემივ ხმა  ჩურჩულით  ჩამძახის...
28.12.2010

* * *



ხანდახან ღიმილს დავემოყვრები,
ხან კი ცრემლისაც ვხდები ხიზანი,
ვერა საწუთროვ ვერ დამითანხმებ,
შენი არ მესმის, უქმად მიძახი...
ჰო, ერთხანობას მოგაყურადე,
მინდოდა შენი სავალით მევლო,
წყეულო, მახვევ გლოვის სუდარებს,
უმზეოდ სუნთქვა როგორღა შევძლო...

ჰო, მერიქიფე(ვ)

                                        *     *    *                

 ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
ცხოვრების თასში, ვგრძნობ სიმშვიდის ფერი მაქვს წარმართს,
წელიწადები ტანთ ჩაუცვამს, დრო წარსულს ბარდნის,
ცოდვილი სული მკვდარ სხეულზე ჯვარცმული დამაქვს....

ჰო, მერიქიფე(ვ)... მომაწოდე ასპიტის თასი,
საიდან მოველ, ან სად მივალ არ ვიცი ჯერაც,
ხახადაღებულ საწუთროში ადამის მსგავსი,
ჩემივ სამარეს უწმინდური ტერფებით ვთელავ...

ჰო, მერიქიფე(ვ)... დღეს სიცოცხლის მე მქვია ლოთი,
შენ ჩამომისხი წვეთებით და მე პეშვით შევსვი,
ჩამოისვენებს წარმართ სულზე დღეს თრთოლვა ლოცვის
და მტრედის ფრთებში (გარდა)მიცვლის ცხოვრებას შეშლილს...

ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
თორემ სიმშვიდე, ცოდვილ სულზე დამგესლავს ყალბი...

Montag, 18. Juli 2011

მთებო ნისლებში დაბანილებო

დღეს ნისლით პირი არ გიბანიათ,
მოსჩანხართ, როგორც ჭირისუფალნი,
მთებო !!!
გლოვობთ, თუ ეს სიზმარია?
კოპებშაკრულნი მიცქერთ მუქარით...

დღეს მზეს სხივებით თქვენს ჯირგვ სხეულზე,
ღვთიური ლოცვა არ უქარგია,
სიკვდილ სიცოცხლე ხომ არ შეუღლდნენ?
მთებო რად გხედავთ შავ სუდარიანს...

იქნებ ზმანებამ წამიღო წუთით
და სატკივარმა დამნისლა თქვენმა,
მზერაში დამხრჩვალ ცრემლების შუქით
თქვენ შემასწავლეთ, დარდის დათმენა...

ალბათ ვაებას როგორც ყოველთვის
მკვდარი შვილივით, ჩაიკრავთ გულში,
წუთისოფელში ჯავრის მოდრეკით,
სიკვდილს  მხოლოდღა თქვენ გადაურჩით...

მინი პორტრეტები




    *  *  *
მზის სხივმ
დამფერა ოქროსფრად,
მკერდზე მარწია
მთის ქარმა...
სურნელი
ცის ცვარს ვთხოვე
და...
ყვავილთა კდემა
მიქარგა...











     *   *   *
გავჩუმდები...
დედამიწას უკვე,
ნისლისფერი
აკვანივით არწევს...
იქნებ ზეცას
 ჩამოვხიო თალხი,
და ამ დუმილს
ფერმკრთალ ცას დავაწერ...










               *   *   *
ტანთ მცვია მთების ქათიბი
მიწას მოვირგებ ქალამნად,
ყელზე  შევიბნევ ცის ცვარს და
მთის ყვავილების ქარავანს






              *   *   *

მზეს სხივი დაებნა ჩემს ყელთან
დამფინა ალერსი თავნება,
არ ყოფნის მარტოდენ შეხება
მცხუნვარე ჟინი ათავხედა...





                                 


         *   *   *
მე გაზაფხულს დავესესხე
სიკეკლუცე, ღიმილი
და მოვისხი
მანტიად...
ნიავ_ქარებს აყოლილი
ჩემი შლეგი ხასიათიც
ჭირვეული
მარტია...
                               2010