დამემგზავრე

Dienstag, 20. Dezember 2011

ჯვარი მთებისა

გაისთველხმელა...
ფერდობებს
ჯანღ დასწოლია, მგლისფერი,
კაცმანდაური არსად გყავს
მთავ!
რად არ ჩამოიქცევი...
კოპებ შეკრული ნისლები                                                             
ბანი–ბან გადმოდიოდნენ,
ვერ შეხვდნენ, კაცის ნაბუდარს
სისხამს მამალი ჰყიოდეს.
ნასახლარები მდუმარედ
მიეგებვიან   სტუმარსა,
ჩამოსხდებიან საფიხვნოს,
ქარი უწეწავთ ურვასა,
ჩამოუტარებს საამო
მწყემსთ სალამურის სტვენასა,
მომხვდური ურჯულოსავით,
ჩაშლილ ყორესა ზვერავსა.
ჭიუხს დამღიან კალთის ქვეშ,
დარდი გასჩრია ტიელი, 
წინაპართ ძვალშესალაგზე
მუხლსა შლის გადამთიელი...
მთას  ჯანღის  პერანგ ჩაუცვამს
ტკივილს ვით დაიჩიოდა,
დამალულს იდუმალებით
ჯავრს გულში ჩაიტიროდა...

**********************
გახსოვდეს,
წუთისოფელი
ასე ყოფილა ნიადამ:
_ იზომვის
სახელ_სირცხვილით,
 სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...

Dienstag, 6. Dezember 2011

ვერ გაგიმეტე

 მედუდუნება  ბუხარი,
რას რა მიყვება ნეტავ...
თითქოს მაქეზებს, უთხარი,
გულიც საგულეს კვნეტავს...
რა ვქნა, არაფერ გამომდის,
შეჩვეულ  ფიქრებს ვართავ,
ცეცხლ მოკიდებულ კუნძივით,
დავიფერფლები ალბათ...
მერე  გამფანტავს ნიავი,
ნისლივით გამფენს მთაში,
უკვალოდ ვიხეტიალებ,
ლექსის სარეცელს გავშლი.
მოვალ წვიმად და პირ–სახეს
ცის მარგალიტით დაგბან,
შენს ნაფეხურებს მივაგნებ,
შლეგივით შევძრავ მთა_ბარს...
ვიცი, საწუთრო ვერაგი
ნაოჭს აგიჩენს წარბთან,
ვერ შეგეყარე, უთქმელი
გრძნობა მერევა წარმართს… 
ნიავი გადაგივარცხნის
თმაში გაჩენილ ზამთარს,
სამზეოს, სიყვარულისთვის
ვერ გაგიმეტე, რა ვქნა...