დამემგზავრე

Montag, 1. August 2011

ჩემთვის და უჩემოდ

მივყვები უშენო ხეივანს,
ბინდი გაიხიზნა თვალებში,
იცოდე ამ წამებს, დღეიდან
მიაგნებ...
წარსულით გალეშილს...

მივყვები, ბოლომდე მივყვები,
გავთელავ ბილიკებს უშენოდ,
უწყალო განსაცდელს მპირდები,
ჭრილობებს ვჩიჩქნი და ვნუგეშობ...


სტრიქონის იარაღს, ავისხავ,
ჯიხვების ხოროებს გავყვები,
ტყაშმაფა მიმიჩნევს თავისად,
ნადირთ მწყემს, უღმერთო,
ქალღმერთი...

ქარს დავემოყვრები, ქარაშოტს,
მომიტანს ჩურჩულით მოძახილს,
ტიალი ფიქრები დაგაშრობს,
გათანგულს, მრავალჯერ მოცადი...

...და მერე კვლდაკვალ, ნაბიჯებს
გადადგავ, ჩემთვის და უჩემოდ,
მზის სხივებს ბილიკად დაგიფენ,
დაგკარგავ ნისლივით,
უჩინოდ...

ცხოვრების უჩემო ხეივანს
ჩაჰხედავ, დაბინდულ თვალებში,
იცოდე ამ წამებს დღეიდან
მიაგნებ...
წარსულით გალეშილს...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen