დამემგზავრე

Mittwoch, 24. August 2011

უ ფ ე რ უ ლ ა


                                                                           ამ ყვავილს ზებუნებრივ ძალას ვანიჭებდი: მეგონა,
 თუ სადმე ვიპოვიდი, მივწვდებოდი და მოვწყვეტდი, 
ყველა ნატვრა ამიხდებოდა“...
შოთა არაბული


მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის
სილაჟვარდეს ,
ჩემს ფურცლებში გავშლი,
ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემწვდები და
ყველა ნატვრად აგიხდები,
არასოდეს
აგერევი სხვაში,
ფიქრს აგირევ
და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
ჩემი მქრქალი
გამჭვირვალე ფურცლები,
დაუნდობელ,
იდუმალ ჟინს აშლის,
საძებარში
მოგატარებ  მწვერვალებს
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
11.11.2010

ნატვრა ლოცვამდის


ქარიშხლის ხელები
სარკმელთან მთრთოლავი,
უვნებო ბორგვად
მინას აწყდებოდა...
ღამის სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...
ქრება ცის კიდეზე
ცივი მხურვალება,
და უცხო სამეფოს
წყვდიადი ათბობდა...
ფიქრი დაფანტული
გზნებებს უმატებდა,
უიღბლო ოცნების
შემთხოვდა დანდობას...
ქარიშხლის ხელებზე
თრთოლვა რომ ბარდნის,
უვნებო ბორგვად
სარკმელს ადნებოდა...
ცრემლიან სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...

                                    2001