დამემგზავრე

Sonntag, 23. Oktober 2011

პოეტესა

მაპატიეთ...
არ ეწევით,  ქალბატონო?
გაოცება ვერ დაფარა მორიდებამ,
ინებეთ და პოეტურად გავაბოლოთ,
დღეს თრიაქი ლექსებივით  მოგიხდებათ...

– კვამლით არ მსურს გავაჯერო ეს სამყარო,
და ბახუსით კრთომამ დამაზიანოს,
ეშმაკეულს სული როგორ ეთაყვანოს,
როცა სიტყვა მერცხალივით ფრთიანობს...

– არ ვეწევი სიგარეტს...
და სტრიქონები
ჩემში მაინც, პეპლებივით ფარფატებენ,
მის ფესვებში  დელტასავით ვიტოტები,
ბროლნამსხვრევებს ვაციალებ, ათასფერებს...

დაგაბნიეთ...
მხოლოდ ღიმი მოგეფინათ,
აგერ, უკვე საუბარში დაგვიღამდა...
მომიტევეთ, მოკასკასე პოეტესას,
თუ ფიქრებთან  შემოგისწროთ გარიჟრაჟმა...
                                                                                 13.04.2011


Mittwoch, 19. Oktober 2011

ხვარამზეობა


ქართა თანმდევი სიო ვარ,
ხან ბარისა და ხან მთისა,
ავეღეტები საწუთროს,
ჯავრი მკლავს უკუნ ღამისა...
მეცა ვარ ერთი ქალშავა,
ფშაველს მიხმობენ გვარითა,
მზის სხივებს ავდევ მეგზურად,
უკუნი ღამის ჯავრითა...
წაბლას ფეხმარდი ჯირითი,
მთათ ჩაეშლებათ კალთაში
ამოვანათებ ივრისპირს,
მზე_მთვარეს ვიწნავ დალალში...
თოლთ მაპარებენ  ტოლები,
ერთურთსა ჰკითხვენ ვინ არი?..
მე შენ დაგეძებ  სიცოცხლე
მარტუას რაად  მინდარის...
მაგხელავ?..
ისრე გშორდები
რო იორ თავქვე მდინარი...

Mittwoch, 12. Oktober 2011

არა ვიცი რა...

– რა ჰქვია მაგ შენს სატკივარს?
– ჩემი სატკივარის სახელი?.. ჰო მისი სახელი... კი მაგრამ ასეთ რთულ კითხვებს სად მიაგნებ ხოლმე? შენს ცნობისმოყვარეობას ზღვარი აღარ უჩანს უკვე.
– სად უნდა მივაგნო ჩემს ფიქრებში, ამეკვიატა და გკითხე... დღე მუდამ ვიღაც თუ რაღაც გაწვალებს და ვერ კი ჩაგიხვდი.
– ჰოო, ჯერ პატარა ხარ, რომ გაიგო მისი ავან–ჩავანი .
– შენთვის ხომ სულ პატარა ვარ, ნუთუ აღარ გავიზარდე?
– კი, გაიზარდე, ტანი აიყარე, ადამიანს დაემსგავსე თითქოს, მაგრამ ჯერ კიდე ბევრი გაკლია ბევრი. ცხოვრება გაქვს გასავლელი, წინ უამრავი  გათელილი თუ ჯერეთ ადამიანის თვალ და ხელ შეუვლები  ბილიკა გელის. ჰო და , ამ გზაზე როცა შედგები გადაგეყრება სადმე  ეგ შენი აკვიატებული სატკივარიც...
– და რომ არ შემეყაროს?
– შეგეყრება, ვაი რომ შენც შეგეყრება, სახადი სენივით არის  ტიალი, ვერც თავს გაუგებს კაცი და ვერც ბოლოს, არც დასაწყისი უწყის მისი ვინმემ და არც დასასრული. არც ლაპარაკისა გაეგება რამე, ბრმა დაიარება სოფელ_ქვეყანაზედა, ვინც კი გზად გადაჰყრია ყველა დაუბრმავებია და შენც  უნდა უფრთხილდე. თოთო ბავშვივით სათუთი და ანგელოზივით წმინდაა, უფალივით თვალთშეუდგამი და ამოუცნობი, რომელთანაც ყოველგვარი ძალმომრეობა გამოუსადეგარია. რკინის ნებისყოფა  და კლდის გამძლეობა უნდა გქონდეს რომ მასთან ერთად  სუნთქვა შეიძლო.
მე ამის მეტი არა ვიცი რა...

Donnerstag, 6. Oktober 2011

* * *

მგზავრი ვარ წუთისოფლისა
წუთის წამებში მავალი,
სადაც კი ფიქრი ვაწვდინე
სულ ყველგან დავდგი კარავი.
ვერ შევაჩერე საწუთროს
თავაწყვეტილი ნავარდი,
ვდევდი ვით ქარი აშარი,
ქალბნელი_ურჩი წარმართი,
სად არ გეძებე, ბედკრულსა
მიცივდებოდა ღადარი,
ხან გაზაფხულად მოვედი
ია_ენძელათ სადარი,
ხან ამომავალ მზის სხივით
გხატავდი, ლექსშიც გკარგავდი,
ხან ცას ვეკიდე ცრემლებად,
სიზმრის სარეცელს ვქარგავდი,
არ მიერთგულა ყისმათმა
ვერ ვიქენ შენი სადარი,
ჩემს ნაკვალევსა მომყოლი
ცრემლებით შლიდა ავდარი...

Stuttgart 2009

Dienstag, 4. Oktober 2011

იქ სადაც

გულს რაი ვუშველო, გულტიალს,
დარდი დაიტიოს რამდენი?!
საწუთროც ხომ  ერთი წუთია,
ვრცელი წუთისოფლის დამტევი... 
გავყვები გზა–შარას, იქ სადაც
მიდიან მდუმარე ნისლები,
სამყარო საყმუვლოდ მექცა და
მე განდეგილად ვიქცევი...