დამემგზავრე

Montag, 18. Juli 2011

მთებო ნისლებში დაბანილებო

დღეს ნისლით პირი არ გიბანიათ,
მოსჩანხართ, როგორც ჭირისუფალნი,
მთებო !!!
გლოვობთ, თუ ეს სიზმარია?
კოპებშაკრულნი მიცქერთ მუქარით...

დღეს მზეს სხივებით თქვენს ჯირგვ სხეულზე,
ღვთიური ლოცვა არ უქარგია,
სიკვდილ სიცოცხლე ხომ არ შეუღლდნენ?
მთებო რად გხედავთ შავ სუდარიანს...

იქნებ ზმანებამ წამიღო წუთით
და სატკივარმა დამნისლა თქვენმა,
მზერაში დამხრჩვალ ცრემლების შუქით
თქვენ შემასწავლეთ, დარდის დათმენა...

ალბათ ვაებას როგორც ყოველთვის
მკვდარი შვილივით, ჩაიკრავთ გულში,
წუთისოფელში ჯავრის მოდრეკით,
სიკვდილს  მხოლოდღა თქვენ გადაურჩით...

მინი პორტრეტები




    *  *  *
მზის სხივმ
დამფერა ოქროსფრად,
მკერდზე მარწია
მთის ქარმა...
სურნელი
ცის ცვარს ვთხოვე
და...
ყვავილთა კდემა
მიქარგა...











     *   *   *
გავჩუმდები...
დედამიწას უკვე,
ნისლისფერი
აკვანივით არწევს...
იქნებ ზეცას
 ჩამოვხიო თალხი,
და ამ დუმილს
ფერმკრთალ ცას დავაწერ...










               *   *   *
ტანთ მცვია მთების ქათიბი
მიწას მოვირგებ ქალამნად,
ყელზე  შევიბნევ ცის ცვარს და
მთის ყვავილების ქარავანს






              *   *   *

მზეს სხივი დაებნა ჩემს ყელთან
დამფინა ალერსი თავნება,
არ ყოფნის მარტოდენ შეხება
მცხუნვარე ჟინი ათავხედა...





                                 


         *   *   *
მე გაზაფხულს დავესესხე
სიკეკლუცე, ღიმილი
და მოვისხი
მანტიად...
ნიავ_ქარებს აყოლილი
ჩემი შლეგი ხასიათიც
ჭირვეული
მარტია...
                               2010


ძია ტარიელ

                 

არავინ უწყის, მერამდენედ  გაივლი იმ გზას,
რომელზეც უკვე წარუშლელი კვალი დასტოვე.
დედამიწა კი ამ ნაკვალევს,  მკერდში ჩაიკრავს,
როგორც უბელოდ დარჩენილი  დათვის ნატორევს...

მდუღარე სისხლით ამბოხებულს, გაიცვეთ სხეულს,
ლეგა ნისლებით ცრემლს შეუშრობ  რეალურობას,
მოსჩიჩქნი მიწას, ჩაჰგუგუნებ დარდებს, ჩახვეულს,
როგორ დაგნისლა წუთისოფლად, ბედმა უნდობმა...

იქნებ  და... დაღლა შეგაპარა  ,,დარდმა და ფიქრმა,
ტკივილმა, შენგნით რომ მოედო,  ობოლ სამყაროს...“
ამოანგრია საყუდელი გულმა, რომ ფეთქვა,
ცხოვრების გზებზე დალეული, ცას შეეყაროს...

მინდვრის ფსალმუნებს სულს უთრთოლებს მთები ხნიერი,
ვით ვარსკვლავი ცას, ამ სამყაროს გვივსებ ცარიელს,
ჟამთა სრბოლასთან შეუდრეკი  დაგაქვს იერი,
არ დაიჩოქებ ვერკვლის ციხე, ძია ტარიელ!...

Freitag, 15. Juli 2011

ამონარიდი ემიგრანტული დღიურიდან

            სიცივით გაჟღენთილი წვიმის წვეთები, სახეს მისერავდა და მაინც ურჩად მივარღვევდი ღამის ტალღას, რომ რაც შეიძლება მალე მიმეღწია სახლამდე...
დროსთან ერთად ,თითქოს ამინდიც შეშლილიყო, ირგვლივ, თეთრად დაფერილ მიდამოს წვიმით ემუქრებოდა ზეცა, ერთხელ შევავლე თვალი, მინდოდა შინაგანი ფორიაქის მიზეზი იქნებ ზეცაზე წამეკითხა...
მეტრომ როგორც ყოველთვის არ დაიგვიანა, სულ უკანა სკამს მივაკითხე (ესაც ჩვევა) მიუხედავად იმისა რომ თითქმის ცარიელი იყო, მაინც განმარტოვებას ვეძებდი...
...და მეც არ ვიცი იმ სკამთან რამ მიმიყვანა...
...ჩემს გვერდით გაზეთი იდო, ვიღაცამ ალბათ დატოვა აღარ ჭირდებოდა და...
გავიფიქრე ჩემთვის და ფიქრების გასაფანტად გაზეთი გადავშალე...
კუთხეში მქრქალმა ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება და ფოტოს ქვემოთ სტატიის სათაურს ძლივს შევავლე თვალი ,,Armut und Poesie“ , რომ  ერთადერთი მკვეთრი ასოებით აკრეფილი სიტყვით იწყებოდა სტატია: Georgien.......
სუნთქვა შემეკრა...
                                                  Armut und Poesie
              Georgien  ,,Dass dieses Land magisch ist, traf mich unerwartet. Es hat meine Vorurteile entkräftet und machte meine Rückkehr unausweichlich. Vielleicht auch, weil meine Wurzeln irgendwo inmitten  der Karawanenwege des Ostens liegen... Die Argonauten Kamen hierher auf der Suche nach dem goldenen Vlies. Hier war Prometheus an den Fels gekettet. Die Götter leben hier.“
Nicht nur die Götter leben in Georgien. Es ist immer noch ein Land der Widersprüche, des Aufbruchs und der Treditionen. Die Fotografen, Robert Capa, Henri Cartier-Bresson, Antonie D`Agata und Martine Franck konnten dem Sog  nicht widerstehen, bereisten seit 1948 immer wieder das Land und entdeckten nicht nur das Erwartbare: die Armut, das Leiden unter dem Stalinismus, die Freude am Alkohol. Sie fanden auch eine stille Poesie in vielen Dingen, einen Willen  zum demokratischen Aufbruch  und den Kampf gegen die  Demokratie...


                                              გაჭირვება და პოეზია

            საქართველო ,, რომ ქვეყანა მაგიური ძალის მატარებელია, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამან  ჩემს რწმენას ძალა გამოაცალა და ჩემი უკან დაბრუნებაც აუცილებელი გახადა, შეიძლება კიდეც იმიტომ, რომ ჩემი ფესვები სადღაც აღმოსავლეთ ქარავანის გზაშია გადგმული... არგონავტები აქ მოვიდნენ ,,ოქროს საწმისი”_ს საძებნელად, აქ იყო პრომეთე კლდეზე მიჯაჭვული, ღმერთები აქ ცხოვრობდნენ.”  არა მხოლოდ ღმერთები ცხოვრობდნენ საქართველოში, ეს არის კიდევ წინააღმდეგობების, ამბოხის და ტრადიციების ქვეყანა... ზეგავლენა იმდენად ძლიერი იყო, ფოტოგრაფებმა (Capa, Henri Cartier-Bresson, Antonie D`Agata und Martine Franck) ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, 1948 წლიდან მოგზაურობდნენ ისევ და ისევ ქვეყანაში და ამჩნევდნენ არა მხოლოდ იმას რასაც ელოდნენ: გაჭირვება, უკმაყოფილება სტალიანის პოლიტიკისადმი და შვებას ალკოჰოლში, არამედ ისინი ხედავდნენ თითქმის ყველაფერში მშვიდ პოეზიას,  ხალხის სურვილს დამოუკიდებლობის მოპოვების და ბრძოლას ბიუროკრატიის წინააღმდეგ...

როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...

დროის მოვინდომე გაჭენება,
წელი ავითრიე გაჭირვებით,
ნუთუ ისეთი დღეც გათენდება?..
როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...

წლები დამიბერდნენ ნაოჭებად,
ვკვებავ ჩემი სულის ნაწილებით,
კარი შემომიღო გაოცებამ,
-ნუთუ აღარავის და(ვ)ჭირდები?..

ჩქარობენ საწუთროს მეისრენი,
ცამდე მანძილს ვზომავ ნაბიჯებით,
ვიცი...
მესაფლავე(ვ)!..  შენ მიშველი
ხვალე, აღარავის და(ვ)ჭირდები...

მიწა თავისას მთხოვს, მემუქრება,
ჯერ კი, ადრე არის გაცილებით,
ლექსებო!..
გაგაშვილებთ თეთრ ფურცლებთან,
საწუთროს  ვიცი მე არ და(ვ)ჭირდები...

მინიმალები

***
ხანგრძლივად ემუქრებოდნენ მოსაკლავად
და ყველაზე დიდხანს იცოცხლა...

***
უნდოდა მელია დაეჭირა
და ქათმებთან ერთად იღვიძებდა...

***
თუ ქალი არ გელაპარაკება
მას აუცილებლად აქვს სათქმელი შენთვის...

***
მხედველობის ნაკლებობას უჩიოდა
და სათვალეც ვერ დაეხმარა...

***
ჩრდილში იდგა და უკვირდა
მზე აღარ ანათებსო..

***
ორი მოჩხუბარი ადამიანის შემყურე
მესამე სიხარულით ტაშს უკრავს...

 ***
ფეხშიშველი დადიოდა
და უხაროდა, დედამიწა
მისი ეგონა...

 ***
არასოდეს ქონდა ის, რაც უყვარდა...
და შეიყვარა ის რაც ქონდა...

 ***
მზე ზევიდან დანათოდა,
ვარსკვლავების მკრთალი ნათება
გადაივიწყა...

***
ვერაფერს ხედავდა და
არაფერი ესმოდა,
გულის ტკივილსაც არასოდეს შეუწუხებია..

Donnerstag, 14. Juli 2011

ქალბატონო

ქალო, სირცხვილია, შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს...
გიორგი ზანგური 

ლია დავითაძეს
 
ხელი დაიფარე
მუხლის_თავებზე,
მორცხვი სიშიშვლის პირას...
კანჭზე მოგხვევია
ქარი უტიფარი,
წავა, მოუყვება ნიავს...
არა...
ქალბატონო!
თავს ასე ნუ დახრი,
ქარს შენი სიამაყე ხიბლავს...
ხეებს შემოახსნა
მთრთოლავი ფოთოლი
ყელზე შეგაბნია მძივად...
თმაში შეგეპარა
ურცხვად აგიწეწა,
დავარცხნა არ გშვენისო!
გითხრა...
თვალებს ნუ აზიდავ
ზღვისფერი ამბორით,
წალეკენ ღმერთმანი ცის_კარს...
ტალღებად მომსკდარი
წამწამი დახარე,
გათელე, ნუ დაინდობ მიწას...
ნაბიჯს აუჩქარე
სხვანი ჩერდებიან
U, la, laaa...
გჩუქნიან მოჩურჩულე ტრფიალს...
ქურდული ჟინით
მზერას გაპარებენ,
ბაგეზე დაასკდათ სიტყვაც...
თუმცა რა სიტყვაა,
ვერც კი გიბედავენ,
ქარი გარს გეხვევა,
გიცავს...
კანჭზე მოგტმასნია
გლოკავს,
ქალბატონო!
შიშველი სიმორცხვის პირას...
ხელი დაიფარე
მუხლის_თავებზე
გრძნეული სინატიფე გიჩანს!!!


დედა

დაგვიბერდა გაზაფხული ჭადართან,
დრო დაგილევს  სიყმაწვილის ღალას,
მოვერცხლილა საფეთქელთან ჭაღარა
და ზამთრები უნებურად გღალავს...

გამიხუნდა შენს ძაძებზე ბავშვობა,
ბედ-ყისმათი ახლაც ისევ დამცინის,
მიუსაფარს, იმედი რომ მათბობდა,
ბეღურებმა ამიკენკეს ნაწილი...

წვიმს...

მონატრების სუსხში ვეხვევი,
ცრემლივით სველი და მლაშე...
გონებაზე ცივ სამოსს  მაცმევენ,
ოცნებებად გაბნეული წვიმის წვეთები !
ჩემი ფიქრივით სევდიან_დარდიანი,
ცის მარგალიტები, სიყვარულისფრად
იბნევიან ჩემს ღაწვებზე...
...და მაინც,
უბრალო,
 ტკივილამდე,
 მონატრების ცრემლი ეღვრება
ჩახსნილ გულისპირზე   დედამიწას...


31.03.2010

Mittwoch, 13. Juli 2011

ჩინურ ქართული დიალოგი


ჩინელი:  შეძლება რაღაც გკითხო?

ქართველი: კი, რატომაც არა, მკითხე.

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  მადლობა კომპლიმენტისათვის... ეშმაკური ღიმილით თვალის ჩაკვრაც  
                        არ დაამადლა...

ნახევარი სათის შემდეგ.

ჩინელი:  ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.

ქართველი:  რომელ კითხვაზე?

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  იმიტომ რომ ქართველი ვარ!.. საქართველოს ცაზე  სხვანაირად ანათებს მზე, მის ბუნებას რომ დასცქერიან მზის სხივები სიკაშკაშე ემატებათ და ამ მზეს  დაბადებიდანვე როცა შეხედავს ქართველი, თვალები სხივებს ირეკლავენ, ფართოვდებიან და  სამყაროს სილამაზესაც თვალებით ასხივებენ...

ჩინელი:   მაინც ვერაფრი გავიგე... აიწურა მხრები... ყველა ქართველს ასეთი ლამაზი და დიდი თვალები აქვს?..

ქართველი: ყველა ქართველს რომელსაც დაბადებიდან საქართველოს ცაზე მანათობელი მზის სხივები ჩაეღვრება...

ჩინელი: მე რომ წავიდე საქართველოში, მეც ასეთი დიდი და ლამაზი თვალები მექნება?

ქართველი: არა პირიქით, შენ  უფრო დაგიპატარავდება, ვერ გაუძლებ მზის სიკაშკაშეს და შეიძლება სულ ვეღარაფერი დაინახო...

შეშინდა ქართველი კიდე ერთი ჩინელით არ გამრავლდნენ საქართველოშიო...

ჩინელი: არაააა, გადავიფიქრე...

ქართველი: კიდე კაი, აბა წეღან რა გული გამიხეთქე საქართველოში უნდა წავიდეო...

ჩინელი: დაბრმავება არ მინდა...
              *    *    *
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.

ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.

მზერაში გაჩრილი   ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.

ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი

         ,,ვერ მიზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა"
ტარიელ ხარხელაური

მაბრუნებს წუთისოფელი
ვინძლო ცეცხლ წამიკიდოსა,
ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი
სიკვდილმა ტვირთ ამკიდოსა.
ქარმა დასძენძოს ღრუბელნი
დღე ღამემ დააბინდოსა,
მზე მიეჯაროს ჭიუხებს
სხივები ვეღარ ზიდოსა.
მშობელი დარდმა დამიშროს
საწუთრომ არ დამინდოსა,
გულისსწორს თვალნ ვერ შავყარო
გულს ლოდი დამეფინოსა,
ატირდნენ კლდენიც ცრემლები
ჩანჩქერად დაედინოსა,
მთის კალთა ლოგინს მიშლიდეს,
რომ მშვიდად დამეძინოსა,
მის მკერდზე ლაღად გაზრდილსა
არ მიზამს ცხოთ დამითმოსა,
როგორ დამნანდეს სიცოცხლე
დიამც გზა მოკლე იყოსა,
კვალს დავსტოვ სააქაოსა
ვით გველი თავის ლიბოსა...

მოვა გაზაფხული???

სიზმარს ვიმარტოვებ მთვარის სარეცელზე,
მშვიდი საყუდელი სხვაგან ვერსად ვპოვე,
შენით ნაავადარ სნეულს დავეფერე,
ვირგებ დავრდომილი ლექსთა შესამოსელს...

კართან დამიბერდა თმათეთრი ზამთარი,
ჭაღარა სიჩაუქეს თან დაჰყავს ხელკავით,
იმედს თითისტარზე ოცნებით ვართავდი,
მოვა გაზაფხული?
                                        ვნუგეშობ...
                                                                    ნეტავი...
    *   *   *

ქარი მიგლალავთ ნისლებო,
რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,
ცაც ისე წაიმგლისფერებს
ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...
ქარმა წანწალით დაგცვითათ
დაგცრიცათ დაგაწიალათ,
ზეცას ჩაჰხსნია საკინძე,
საკინძე ღიმილიანა...
ვფიცავ, ლექსებად დავწურო,
ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,
ავუხირდები საწუთროს,
ან მე დავრჩები, ან ისა...

ვაჟ რაიმ ვნახე

ვაჟ რაიმ ვნახე ბეჩავმა,
თანასწორ სწორებთანაო,
შამყარა ფიქრნი, ტიალნი,
გულს ჯავრად ჩამეტანაო...
არ დამემგზავრა საწუთროს,
რო მთის ხარ_ლაღი
                                            ნიავ_ქარს,
ჩამამეყარნენ დარდები,
სატკივარმ  ჩამამინამქრა...
წამამაგონდებ, დასაბრმობ
თოლთ ცრემლიც წამაუვლითა,
ვერც ჩემად დავიგულე და
ვერც ამოვშალე გულიდან...

ყოფნა არყოფნა

მამწყინებია სამზეოს
ძაღლუმადურად წანწალი,
რამდენ მარცვალი დავთესე,
ვერსად მავხელე სამკალი...
ზეცას ღრუბელი ვთხოვე და
არ შამიხვია საგზალი,
მარტუა ცრემლი ჩამასწყდა,
საწუთროვ!...
როგორ შამჯავრდი...
მიწავ!
შენ მაინც მიმიღე,
ჩემი სასრული ეგ არი,
კარ თუ შამავხსენ ნუ შიშობ
არ შამამყვების მდევარი...

* * *

        
მზერამ გაიმუდმა შენს მხრებზე ალერსი,
მტერივით ზურგიდან გიმიზნებს იარაღს,
კდემა დაუკარგავს გრძნობებით ალესილს
და თრთოლვას ღაწვების წიაღში ინახავს...

უბელო რაშივით ჰბორგავ და თარეშობ,
სილაღეს ამსგავსებ ატეხილ ნიავ_ქარს,
მორჩილებ, მხოლოდ ჩემს უმეფო  სამეფოს
და ეშმას დაარქმევ, შენს სულის ბინადარს...
             *   *   *
ჩამოგწოლიათ ნისლები,
რო შევერცხლილი ჭაღარა,
ნეტამც ჩამხვია თქვენს მკერდს და
თქვენთან ყოფნითამც დამღალა,
არრას დავეძებ, საწუთრომ
სად მატარა და სად არა,
რადგან თქვენს შემდეგ, სიცოცხლე
ან არსებობს და ან არა...

ჩემი იორი

ზვირთის ქეჩოზე სმენადა ვარ
ყურდაპყრობილი,
ფშანსა და შამბნარს ახმიანებს
ანცი ჭავლები,
იდუმალების მადლიანი
სხივით შობილი,
შეუზომელი სილამაზით
აციალდები...
ჩამიღიმილებს, ლაჟვარდები
შენს საკინძესთან,
ბროლნამსხვრევები მომეცვრევა
მჩქროლავ ტალღების,
ხვალე საწუთრო დაჩოქებას
ვერ გამიბედავს,
როგორც კალმახი, შენს ტალღებში
როცა ვლაღდები...

Donnerstag, 7. Juli 2011

დარდებო


ისევ მამიხველთ დარდებო,
იცით, კარს ფართოდ გაგიღებთ,
ლექსით  მსურს მოგიალერსოთ,
მერე კი, მთებში წაგიღებთ...
იქავ დაგკარგავთ ნისლებთან,
იქავ წანწალსამც მოიხდენთ,
ჯავრი სულ დაგავიწყდებათ,
ყვავილთა მკერდზე მოილხენთ...
მემრ შამავუსხდეთ საფიხვნოს,
თქვენი სატკივარ მაჰყევით,
მე ჩემსას ვიტყვი, ნიავიც
მაგვხელავს, ამბის წამღები.
მე რად რა  შამამეჩვივნეთ,
შამამჩენიხართ ქადილით,
რაით არ გასჩნდით ვაჟებად,
რომ დამეჩაგრეთ წადილით...
დარდებო! გამჩნევთ,  გულისა
კარს ჩამამიხსნით, ჭრიალით,
თქვენც დაღალულხართ, ბედისა
წაღმა–უკუღმა ტრიალით...
27.04.2011