დამემგზავრე

Donnerstag, 5. April 2012

სიზმარ(ეული)


ცრემლი მიკოცნის ანთებულ ღაწვებს,
ძაღლივით, გულ_მკერდს მილოკავს დარდი,
ბედის ვარსკვლავი მთვარესთან მაწვენს,
და გაუხარელ პატარძალს ვგავდი...
ფიქრის სარეცელს გამიშლის ღამე,
ყველა სურვილი ცოცხლად  დავმარხე,
სიზმარ(ეული) ცრემლები ვღვარე,
როგორც მშობელი დედის კალთაზე.
წყურვილს ვერ მიკლავს ალერსით მთვარე,
ტკივილი თვალებს ამიწყლიანებს,
როგორმე შევძლო,  ვნებებით მთვრალებს,
უნდა გავექცე, ღამის წყვდიადებს...

Dienstag, 21. Februar 2012

* * *


საფიქრალ სადარდი შემყარე,
რაგვარ რა ჰყოფილხარ ტიალო,
არ იცი მტერი და მოყვარე,
ვერც რას  კლდე გაშინებს ფრიალო.
გერიდე, ღმერთმანი გერიდე,
უშენოდ რამდენი ვიარე,
ვჯიუტობ, ბედს უნდა შევრიგდე,
დამხელთე, სულ გამატიალე...
დამთოვა, ფიქრმა თუ ფანტელმა,
აღარც გზა დასტოვა სავალი,
ტკივილმა რა რიგად მამხელა,
ვერსაით ვიპოვე წამალი...
შევცოდო?
არ ვითხოვ შენდობას,
არცა მთებს შევძრავ ბღავილით,
უფალთან  მივიტან შეცდომას,
და იქ შევჩერდები დაღლილი...
02.02.2012

Montag, 6. Februar 2012


ხან, კალამს დავეღირები,
ვცოდვილობ ლექსის წერასა,
ეგება თვითონ ვირჩევდი,
ჩემივე  ბედისწერასა.
მთა_ბარს მოსდრეკენ  ფიქრები,
სწადიათ ყოფნა შენთანა,
ნაავდრალ ღრუბლად ვიშლები,
თოლნი გეძებენ ყველგანა.
ჯიუტად, ცრემლებს ვიშრობდი,
გელოდი გულის კართანა,
ისე დამღალე სიშორით,
ეხლა მივდივარ სხვასთანა...

Montag, 16. Januar 2012

. . .


ნუ შემაღონე ტიალო,
ნუ შემიკალი ხელშია,
სულ შენს გარშემო ვტრიალობ,
თუმც უშენობა მერჩია.
ბაგე გახსნილი  ვივლიდი ,
არ დავიდენდი ცრემლასა,
მზეს შევხვდებოდი  ღიმილით,
გავუსწორებდი მზერასა.
მტერ გამიმრავლდის, დუშმანი,
უმისოდ ყოფნაც ძნელია,
გამაფხიზლებენ, ღმერთმანი,
თორო სამყარო  ჭრელია,
ავს_კარგად  მოგაჩვენებენ,
შხამს შეგასმევენ წვეთითა,
თუმც დამაკლებენ ვერაფერს,
სიკვდილსაც ვხვდები ლხენითა.
ცუდია? ყოფნის სასჯელად
თავის გამხდარა მტერია,
მიაც ამ ქვეყნის შვილი ვარ,
მაგრამ ვერაფერს ვშველია...
გულო!
როგორ სძლებ საგულეს,
რაით არ ამამიხდები...
შენც,
სიკვდილივით სიმართლევ,
ტიალ საწუთროს უხდები...

06.01.2012

Mittwoch, 11. Januar 2012

* * *


ღაწვზე ქარგავენ ცრემლს ფანტელები,
სულზე მადნება ღამე  ფიქრებად,
ვიცი, სულ მალე ჩამოვბერდები,
ჩემი ცხოვრებაც  ჩამოიქნება...
სამყაროს ადევს ფერი სიმშვიდის,
ვერ ამათრთოლებს შემოღამება,
განა განვლილ გზას მივტირი? ..
– არა!
გზა, გასავლელი მეცოტავება...
10.01.2012

* *


ისრე ჯავრიანი ფიქრი შამამიჩნდა,
ვიცი, ჩემი სისხლის ჩუმი ყივილია,
ბარად ფიქრებს  ვაგებ ისევ არაფრისგან,
შორს კი მოთმინებით მთები მიმელიან.
ცაზედ მოჯარება იწყეს შავ ღრუბელთა,
მდუმარ  მწვერვალებზე ჯანღი ეკიდება,
ზამთარ ნაადრევად ივსებს  ვრცელ  უბესა,
დღეებს შესჩვევიათ მალ_მალ  შებინდება...
წელი შემომაცვდა  უკვე მერამდენე,
საწუთროს ფერმკრთალი სიმშვიდით ვუღიმი,
უძილობა კვნეტავს ზამთრის გრძელ ღამეებს,
ბუხარს შევსჩენიორ  მდუმარე კუნძივით...

11.11.2011

Dienstag, 20. Dezember 2011

ჯვარი მთებისა

გაისთველხმელა...
ფერდობებს
ჯანღ დასწოლია, მგლისფერი,
კაცმანდაური არსად გყავს
მთავ!
რად არ ჩამოიქცევი...
კოპებ შეკრული ნისლები                                                             
ბანი–ბან გადმოდიოდნენ,
ვერ შეხვდნენ, კაცის ნაბუდარს
სისხამს მამალი ჰყიოდეს.
ნასახლარები მდუმარედ
მიეგებვიან   სტუმარსა,
ჩამოსხდებიან საფიხვნოს,
ქარი უწეწავთ ურვასა,
ჩამოუტარებს საამო
მწყემსთ სალამურის სტვენასა,
მომხვდური ურჯულოსავით,
ჩაშლილ ყორესა ზვერავსა.
ჭიუხს დამღიან კალთის ქვეშ,
დარდი გასჩრია ტიელი, 
წინაპართ ძვალშესალაგზე
მუხლსა შლის გადამთიელი...
მთას  ჯანღის  პერანგ ჩაუცვამს
ტკივილს ვით დაიჩიოდა,
დამალულს იდუმალებით
ჯავრს გულში ჩაიტიროდა...

**********************
გახსოვდეს,
წუთისოფელი
ასე ყოფილა ნიადამ:
_ იზომვის
სახელ_სირცხვილით,
 სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...

Dienstag, 6. Dezember 2011

ვერ გაგიმეტე

 მედუდუნება  ბუხარი,
რას რა მიყვება ნეტავ...
თითქოს მაქეზებს, უთხარი,
გულიც საგულეს კვნეტავს...
რა ვქნა, არაფერ გამომდის,
შეჩვეულ  ფიქრებს ვართავ,
ცეცხლ მოკიდებულ კუნძივით,
დავიფერფლები ალბათ...
მერე  გამფანტავს ნიავი,
ნისლივით გამფენს მთაში,
უკვალოდ ვიხეტიალებ,
ლექსის სარეცელს გავშლი.
მოვალ წვიმად და პირ–სახეს
ცის მარგალიტით დაგბან,
შენს ნაფეხურებს მივაგნებ,
შლეგივით შევძრავ მთა_ბარს...
ვიცი, საწუთრო ვერაგი
ნაოჭს აგიჩენს წარბთან,
ვერ შეგეყარე, უთქმელი
გრძნობა მერევა წარმართს… 
ნიავი გადაგივარცხნის
თმაში გაჩენილ ზამთარს,
სამზეოს, სიყვარულისთვის
ვერ გაგიმეტე, რა ვქნა...

Montag, 7. November 2011

მტკივა

მტკივა უშენობის განცდა,
მხრებზე მარტოობა მათოვს,
ვცდილობ, შევიმჩნიო არც რა,
ფიქრი მხოლოდ უფალს ვანდო.
უკვე ჩამოთოვა თმებზე,
მზერა დაფერილა ერთფრად,
დასასრული არ აქვს  შენს გზებს,
ტკივილს დამიყუჩებს ვერც რა.
ვხვდები, ახლა ვხდები, ტირიფს
სულ რატომ ვხედავდი მტირალს,
ვტირი, მეც მასავით ვტირი,
მტკივა, უშენობა მტკივა....

* * *

დაგივიწყებდი,
დავიწყება რომ შემძლებოდა...
შეგიყვარებდი,
მაგრამ ისე ჩემებურადა
როგორც ზღაპრებში,
პრინცესა რომ  პრინცს მოელოდა
ამოგიჩემე,
ალბათ ესეც უნებურადა...

Sonntag, 23. Oktober 2011

პოეტესა

მაპატიეთ...
არ ეწევით,  ქალბატონო?
გაოცება ვერ დაფარა მორიდებამ,
ინებეთ და პოეტურად გავაბოლოთ,
დღეს თრიაქი ლექსებივით  მოგიხდებათ...

– კვამლით არ მსურს გავაჯერო ეს სამყარო,
და ბახუსით კრთომამ დამაზიანოს,
ეშმაკეულს სული როგორ ეთაყვანოს,
როცა სიტყვა მერცხალივით ფრთიანობს...

– არ ვეწევი სიგარეტს...
და სტრიქონები
ჩემში მაინც, პეპლებივით ფარფატებენ,
მის ფესვებში  დელტასავით ვიტოტები,
ბროლნამსხვრევებს ვაციალებ, ათასფერებს...

დაგაბნიეთ...
მხოლოდ ღიმი მოგეფინათ,
აგერ, უკვე საუბარში დაგვიღამდა...
მომიტევეთ, მოკასკასე პოეტესას,
თუ ფიქრებთან  შემოგისწროთ გარიჟრაჟმა...
                                                                                 13.04.2011


Mittwoch, 19. Oktober 2011

ხვარამზეობა


ქართა თანმდევი სიო ვარ,
ხან ბარისა და ხან მთისა,
ავეღეტები საწუთროს,
ჯავრი მკლავს უკუნ ღამისა...
მეცა ვარ ერთი ქალშავა,
ფშაველს მიხმობენ გვარითა,
მზის სხივებს ავდევ მეგზურად,
უკუნი ღამის ჯავრითა...
წაბლას ფეხმარდი ჯირითი,
მთათ ჩაეშლებათ კალთაში
ამოვანათებ ივრისპირს,
მზე_მთვარეს ვიწნავ დალალში...
თოლთ მაპარებენ  ტოლები,
ერთურთსა ჰკითხვენ ვინ არი?..
მე შენ დაგეძებ  სიცოცხლე
მარტუას რაად  მინდარის...
მაგხელავ?..
ისრე გშორდები
რო იორ თავქვე მდინარი...

Mittwoch, 12. Oktober 2011

არა ვიცი რა...

– რა ჰქვია მაგ შენს სატკივარს?
– ჩემი სატკივარის სახელი?.. ჰო მისი სახელი... კი მაგრამ ასეთ რთულ კითხვებს სად მიაგნებ ხოლმე? შენს ცნობისმოყვარეობას ზღვარი აღარ უჩანს უკვე.
– სად უნდა მივაგნო ჩემს ფიქრებში, ამეკვიატა და გკითხე... დღე მუდამ ვიღაც თუ რაღაც გაწვალებს და ვერ კი ჩაგიხვდი.
– ჰოო, ჯერ პატარა ხარ, რომ გაიგო მისი ავან–ჩავანი .
– შენთვის ხომ სულ პატარა ვარ, ნუთუ აღარ გავიზარდე?
– კი, გაიზარდე, ტანი აიყარე, ადამიანს დაემსგავსე თითქოს, მაგრამ ჯერ კიდე ბევრი გაკლია ბევრი. ცხოვრება გაქვს გასავლელი, წინ უამრავი  გათელილი თუ ჯერეთ ადამიანის თვალ და ხელ შეუვლები  ბილიკა გელის. ჰო და , ამ გზაზე როცა შედგები გადაგეყრება სადმე  ეგ შენი აკვიატებული სატკივარიც...
– და რომ არ შემეყაროს?
– შეგეყრება, ვაი რომ შენც შეგეყრება, სახადი სენივით არის  ტიალი, ვერც თავს გაუგებს კაცი და ვერც ბოლოს, არც დასაწყისი უწყის მისი ვინმემ და არც დასასრული. არც ლაპარაკისა გაეგება რამე, ბრმა დაიარება სოფელ_ქვეყანაზედა, ვინც კი გზად გადაჰყრია ყველა დაუბრმავებია და შენც  უნდა უფრთხილდე. თოთო ბავშვივით სათუთი და ანგელოზივით წმინდაა, უფალივით თვალთშეუდგამი და ამოუცნობი, რომელთანაც ყოველგვარი ძალმომრეობა გამოუსადეგარია. რკინის ნებისყოფა  და კლდის გამძლეობა უნდა გქონდეს რომ მასთან ერთად  სუნთქვა შეიძლო.
მე ამის მეტი არა ვიცი რა...

Donnerstag, 6. Oktober 2011

* * *

მგზავრი ვარ წუთისოფლისა
წუთის წამებში მავალი,
სადაც კი ფიქრი ვაწვდინე
სულ ყველგან დავდგი კარავი.
ვერ შევაჩერე საწუთროს
თავაწყვეტილი ნავარდი,
ვდევდი ვით ქარი აშარი,
ქალბნელი_ურჩი წარმართი,
სად არ გეძებე, ბედკრულსა
მიცივდებოდა ღადარი,
ხან გაზაფხულად მოვედი
ია_ენძელათ სადარი,
ხან ამომავალ მზის სხივით
გხატავდი, ლექსშიც გკარგავდი,
ხან ცას ვეკიდე ცრემლებად,
სიზმრის სარეცელს ვქარგავდი,
არ მიერთგულა ყისმათმა
ვერ ვიქენ შენი სადარი,
ჩემს ნაკვალევსა მომყოლი
ცრემლებით შლიდა ავდარი...

Stuttgart 2009

Dienstag, 4. Oktober 2011

იქ სადაც

გულს რაი ვუშველო, გულტიალს,
დარდი დაიტიოს რამდენი?!
საწუთროც ხომ  ერთი წუთია,
ვრცელი წუთისოფლის დამტევი... 
გავყვები გზა–შარას, იქ სადაც
მიდიან მდუმარე ნისლები,
სამყარო საყმუვლოდ მექცა და
მე განდეგილად ვიქცევი...

Mittwoch, 7. September 2011

სხვაგვარად


ახლა დიდი სიხარული  რომ მაკრავს,
ღმერთო ხვალე არ მიქციო არც არად,
დავეფერე შენთვის ქარის მონატანს,
გულო, ისევ  საფიქრალით დამღალავ...
მზის სხივებიც ძველებურად, ჯიუტად,
ჩაჰხვევიან ჩემს ონავარ კულულებს,
მთა – ჭიუხებს მაინც  ღიმილს მივუტან,
საფიქრალით გულს ხომ არ დავიწყლულებ.
ცადაზიდულ ქარაფებზე კეკლუცად
ვეფინები, ენძელების სადარად,
ვერ შევიძელ, რომ უშენოდ  მესუნთქა
გულო!
უნდა მოგერიო სხვაგვარად...

Dienstag, 30. August 2011

ვიდრე

ვიდრემდის მყურობთ  ამქვეყნად,
რაცა ვარ ის შემიცანით,
ვიდრე, სიკვდილი დაჰყეფავს,
შაკრულა კუბოს ფიცარიც...
მთებზე ნისლების წანწალმა,
გული სალექსოდ აშალა,
არ მინდა სასახლეები,
რომ მქონდეს თავშესაფარად...
არ მინდა ქება_დიდება,
ფარსი სიტყვათა ქუხილი,
უბრალოება მჭირდება,
სითბოც, სიცივეც, წუხილიც...
განა ბევრს ვითხოვ ამ ქვეყნად,
ერთი ციდა მაქვს მიზანი,
ვიდრე სიკვდილი დაჰყეფავს,
მე თქვენთან ყოფნას ვიჩქარი...

Mittwoch, 24. August 2011

უ ფ ე რ უ ლ ა


                                                                           ამ ყვავილს ზებუნებრივ ძალას ვანიჭებდი: მეგონა,
 თუ სადმე ვიპოვიდი, მივწვდებოდი და მოვწყვეტდი, 
ყველა ნატვრა ამიხდებოდა“...
შოთა არაბული


მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის
სილაჟვარდეს ,
ჩემს ფურცლებში გავშლი,
ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემწვდები და
ყველა ნატვრად აგიხდები,
არასოდეს
აგერევი სხვაში,
ფიქრს აგირევ
და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
ჩემი მქრქალი
გამჭვირვალე ფურცლები,
დაუნდობელ,
იდუმალ ჟინს აშლის,
საძებარში
მოგატარებ  მწვერვალებს
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
11.11.2010

ნატვრა ლოცვამდის


ქარიშხლის ხელები
სარკმელთან მთრთოლავი,
უვნებო ბორგვად
მინას აწყდებოდა...
ღამის სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...
ქრება ცის კიდეზე
ცივი მხურვალება,
და უცხო სამეფოს
წყვდიადი ათბობდა...
ფიქრი დაფანტული
გზნებებს უმატებდა,
უიღბლო ოცნების
შემთხოვდა დანდობას...
ქარიშხლის ხელებზე
თრთოლვა რომ ბარდნის,
უვნებო ბორგვად
სარკმელს ადნებოდა...
ცრემლიან სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...

                                    2001