დამემგზავრე

Dienstag, 30. August 2011

ვიდრე

ვიდრემდის მყურობთ  ამქვეყნად,
რაცა ვარ ის შემიცანით,
ვიდრე, სიკვდილი დაჰყეფავს,
შაკრულა კუბოს ფიცარიც...
მთებზე ნისლების წანწალმა,
გული სალექსოდ აშალა,
არ მინდა სასახლეები,
რომ მქონდეს თავშესაფარად...
არ მინდა ქება_დიდება,
ფარსი სიტყვათა ქუხილი,
უბრალოება მჭირდება,
სითბოც, სიცივეც, წუხილიც...
განა ბევრს ვითხოვ ამ ქვეყნად,
ერთი ციდა მაქვს მიზანი,
ვიდრე სიკვდილი დაჰყეფავს,
მე თქვენთან ყოფნას ვიჩქარი...

Mittwoch, 24. August 2011

უ ფ ე რ უ ლ ა


                                                                           ამ ყვავილს ზებუნებრივ ძალას ვანიჭებდი: მეგონა,
 თუ სადმე ვიპოვიდი, მივწვდებოდი და მოვწყვეტდი, 
ყველა ნატვრა ამიხდებოდა“...
შოთა არაბული


მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის
სილაჟვარდეს ,
ჩემს ფურცლებში გავშლი,
ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემწვდები და
ყველა ნატვრად აგიხდები,
არასოდეს
აგერევი სხვაში,
ფიქრს აგირევ
და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
ჩემი მქრქალი
გამჭვირვალე ფურცლები,
დაუნდობელ,
იდუმალ ჟინს აშლის,
საძებარში
მოგატარებ  მწვერვალებს
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
11.11.2010

ნატვრა ლოცვამდის


ქარიშხლის ხელები
სარკმელთან მთრთოლავი,
უვნებო ბორგვად
მინას აწყდებოდა...
ღამის სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...
ქრება ცის კიდეზე
ცივი მხურვალება,
და უცხო სამეფოს
წყვდიადი ათბობდა...
ფიქრი დაფანტული
გზნებებს უმატებდა,
უიღბლო ოცნების
შემთხოვდა დანდობას...
ქარიშხლის ხელებზე
თრთოლვა რომ ბარდნის,
უვნებო ბორგვად
სარკმელს ადნებოდა...
ცრემლიან სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...

                                    2001

Sonntag, 21. August 2011

მუხამბაზი...


შემოდგომის ფოთოლივით
ავცახცახდე?..
გვერდს ნუ მივლი,
განა შიშის მონა ვარ,
ჩემს სხეულში, თრთოლვა,
გრძნობის  სითამამე,
პრიაპს  მოჰგავს,
მითებიდან მონატანს...
მთის წყაროს წყალს ნუ ჩამივლი
შორი_ახლო,
პეშვით შემსვი, 
შემიგრძენი ვინა ვარ,
უკვდავების ქალღმერთივით
შემისახლო,
ვეღარ დამთმობ, შენი სულის
ბინადარს...
17.12.2010

Samstag, 20. August 2011

* * *


გულო!
რაი გჭირს ტიალო,
ჰბორგავ და აღარ მასვენებ,
დადექღა, ნუღარ ტრიალობ,
თორო ჯოჯოხეთს გაჩვენებ...
დროს გადაუცვდა ჩადრები,
უკვალს გაჰკვალავს სავალსა,
შენ მაინც ჩემად დარჩები,
მე მოგარჯულებ წარმართსა...
ნუთუ ვერ ჰპოვე საყუდი,
ნუთუ არ გყოფნის საგულე?
გულო ხმა გამე!
დაჰმუნჯდი?...
ვფიცავ!..
ჩემს ჭკვაზედ გაბრუნებ...
27.12.2010


* * *


     

დავიკარგები უსასრულო სისადავეში,
ვიღაც კი ისევ გადაფურცლავს
დღეებს ფეთიანს!!!
გზებს მივატოვებ
ქვათა ცივი მინანქარების,
ავედევნები ჭიუხებში ქართა ხეტიალს...
ცივ ხელისგულებს შევაგებებ
გიჟმაჟ ფანტელებს
მეც გავგიჟდები მათთან ერთად
ფიქრს გავახელებ…
მკერდს მოვუღერებ
კლდეს მოსხლეტილ
ზვავთა გრიგალებს,
შურთხებთან ერთად გადავნამქრავ
დღეებს ცის–კარზე...
და ვიღაც  სადღაც გადაფურცლავს
წამს ფილაქანზე,
მე გავუყვები
ჭიუხებში_ჩვეულ ფიქალებს...
                                                               /Deutschland,Stuttgart 2009/

Freitag, 19. August 2011

სიზმარი


იცი...
ახლა მთვარე ზეცას დაეკიდა,
სუნთქვა უჭირთ დადუმებულ  ბინდში ქუჩებს,
დრო გაჩერდა...
არყოფილი ღამე იდგა...
და...
შენს ტუჩებს  გავურბოდი,  ძლიერ ურჩებს...
ვნებით მთვრალმა, შემაწვდინე ციდან _ ცამდე,
სისხლს ვაღვიძებ შენს ძარღვებში, 
ვაკრთობ მთვარეს...
თვალს ვახელ და...
როგორ მინდა, თრთოლვის დამდენს,
მფიცულობდე როგორც წმინდა სალოცავებს...

Donnerstag, 18. August 2011

დარდებო

ისევ მამიხველთ დარდებო,
იცით, კარს ფართოდ გაგიღებთ,
ლექსით  მსურს მოგიალერსოთ,
მერე კი, მთებში წაგიღებთ...
იქავ დაგკარგავთ ნისლებთან,
იქავ წანწალსამც მოიხდენთ,
ჯავრი სულ დაგავიწყდებათ,
ყვავილთა მკერდზე მოილხენთ...
მემრ შამავუსხდეთ საფიხვნოს,
თქვენი სატკივარ მაჰყევით,
მე ჩემსას ვიტყვი, ნიავიც
მაგვხელავს, ამბის წამღები.
მე რად რა  შამამეჩვივნეთ,
შამამჩენიხართ ქადილით,
რაით არ გასჩნდით ვაჟებად,
რომ დამეჩაგრეთ წადილით...
დარდებო! გამჩნევთ,  გულისა
კარს ჩამამიხსნით, ჭრიალით,
თქვენც დაღალულხართ, ბედისა
წაღმა–უკუღმა ტრიალით...

Mittwoch, 17. August 2011

ფშავლის წაწალი

ერთ ამბავ უნდა გიამბოთ
ამბავად არც კი ითქმების,
ბავშვობიდანვე მეჯერა
წინაპართ ნათხრობ მითების,
მაგრამ ეგეთა ამბავი
ენით არ გამოითქმების...
ერთ ფშავლის ქალას ოცნებად
მქონდა, ხევსურეთ მენახა,
მეგზურად ხევსურთ ქალ_ვაჟნი
ამოვიჩემე მე გლახამ,
რა ვიცოდი, თუ მთებს იქეთ
სწორფრობა ისრე სახლობდა,
ბარში ნაზარდსა ყვავილსაც
თავის საწილოს მამთხოვდა...
საპირიქითოს გადაველთ
ცოტაც ვიგემეთ სახმილი,
შუა ღამემ რომ გვიწია,
ზეცამ მოიხსნა მანდილი,
ისეთა ცრემლი დასცვივდა
წარღვნა მეგონა, ნამდვილი,
რაკიღა წვიმას გადვურჩით,
კოშკებში შავილალენით,
აქ წვიმა ვერას დაგვაკლებს
გულებიც გავილაღენით...

მთელი დღე ღრეობასა და
ლექსთა ქუხილით დავლიეთ,
ძილი რომ შამამეპარა
იქვე ქვეშაგებ დავიგე,
ქვეშაგებისა ალაგზე
ჩემივ კარავი გავშალე
ჯერ კი სუყველამ დამცინა,
მემრ მთხოვდნენ შიგნი შაგვლალე,
ერთ ქალა შავიპატიჟე,
მარტუას ძილ არ მეწადა,
რა ვიცოდი თუ ბედშავსა
ეფხიზლა, მთელ ღამ ეცადა,
ეგება გაიღვიძოსო,
სურვილს უთქვამდა ზეცასა,
მე კი რა გამაღვიძებდა?
შატილის სუნთქვა მათრობდა,
არღუნი ნანას მიმღერდა,
რო თავის მუცლით ნაშობსა,
აგეთა თრობა ბეჩავსა
თავის დღეში არ მახსოვდა..
გათენდა...
სინათლის სხივმა
ჩემთანაც შემოაღწია,
არცვინ დამიხვდა სამყოფში
საფიქრალმ ხელი დამრია,
გვერდით რომ გადავიხედე
ისრე გამწარდა წამია,
საიქიოში მეგონა
ჩემი ბეჩავი თავია...
ან იქნებ სიზმარი არის?..
სწრაფ გავახილე თვალია,
არც საიქიო დამიხვდა
და არც სიზმარი,
_ცხადია...
ჩემს გვერდით თავს იწონებდა
დანა, რო პირბასრ ხმალია,
ისრე სისწრაფით წამოვხტი
ვეღარ ვიპოვე კარია,
რას ვხედავ წინ გადამიდგა
როგორც აშარი ქარია,
ამაშიც ბედი არ გინდა?
ქალს სწორფერ მყავდა ქალია...
ყველაფერ გამიგონია
მაგრამ ეგეთ რამ არსადა,
სულ თავგზა ამარევია
შუღლის საღერღელ აშალა...
ხევსურ ქალს ფშავლის წაწლობა
თურმე გუნებით გეწადა,
მამხელეთ ამდენ ხევსურთა
ფშავლის ქალაი კენტადა,
მე შუღლს არ ავტეხ ღმერთმანი
ლექსს კი წაუხვალ ვერსადა...
                                            მაია გონჯილაშვილი


ისე, უფრო მაგრა გასალექსები კი ხართ და თუ მოვიცალე ერთი თქვენთვის, მერე ნახეთ თქვენი დღე და მოსწრება :)))
                                                                    მიხეილ ღანიშაშვილი 


რაით რა სალექსებლები
ცუდ მასპინძლობა გიწიეთ?
სტუმრობას თუ კიდევ ფიქრობთ
როგორ დაგიხვდეთ გვირჩიეთ.
..
                                                    მაია გონჯილაშვილი 


 

მასპინძლობისთვის მადლობა,
მაგრამ წაწლობა ქალისა
ქალთან და ისიც შატილში
მე ჯერ არ გამიგავისა!
ან სამაგისო რა იყო,
ან ვის რა სჭირდა ხამისა,
ვის რაზე დაჰყვედრდებოდა
თენება ერთი ღამისა,
გეთქვათ: მე გეწაწლებოდით,
ისევ მიგეხმოთ თავისა,
წესს მაინც შავინახავდით,
ეხლა ტალახში სთრავისა,
არეული ჩან დავთრები,
ვით ბნელში სხივნი მთვარისა! :))))
მიხეილ ღანიშაშვილი 


ეს მხოლოდ ერთი უწყინარ
უცოდველ ხუმრობ არისა,
დილა_ბნელ თვალ გახელილმა
რომ ვნახე პირი დანისა,
იქავ სიცილი ამიტყდა
პირიმზესავით ლაღისა,
თურმე ჩვევად აქვს ხევსურსა
თან ქონა დანის ბასრისა,
თორემ სწორფრობა ქალთანა
სად გაგონილა ქალისა...
 
                                                         მაია გონჯილაშვილი 



კარგია თუ ხუმრობაა,
მართალს მართლაც არ ჰგავისა,
მეც ეგ მინდოდა გამეგო,
თორო რა ენა მქავისა?
მე მხოლოდ ის ამოვკრიფე,
რაც წისქვილს დაუფქვავისა,
ლეგენდად დარჩეს ეგ ლექსი,
შატილის ციხე-ქავისა!..
ღიმილიანად რო ჰყვება,
მაგითაც პატრონს ჰგავისა!.. :)))

                                                  მიხეილ ღანიშაშვილი 



იხარეთ ძლივსს მამეფონა
სიტყვა მივიღე წამლისად,
კინაღამ ინფარქტი მხია
გულმა, ახლა კი ჰყვავისა...
 
                                               მაია გონჯილაშვილი 


 ეს რას მავესწარ ბეჩავი,
ცხვირწინ მილექსეს შინშია,
ქალო ხევსურთან ლექსობა
არ იცი რო საშიშია?
შენ გაილაღებ ენითა,
ცოტა ხან გაატიალებ,
ის კი მაგ დანას დაგიძრობს
და ცხვირწინ დაგიტრიალებს.
მარტო დარჩენა არ გსურდა?
მაგას რა წამალ სჭიროდა?
დაგცილდა ბიძა ტარასა
უწაწლობას რო ჩიოდა?;)
იმ ღამ კი წვიმაც გამასტყვრა
და უწყალოდა ციოდა.
მიშა ბატონო,სალექსო
თქვენც ხართ ნუ იწყენთ,მენდეთა,
შუაღამ კოშკს რო შამახდით
გულები დაგვიხეთქეთა.
დილას საძილე ტომარას
რო შავაცეცეთ თვალია
ვფიქრობდით-ნეტა ჩვენშა,
ამხელა ვინა არია?
ეს ჩემ პასუხიც,მეყოფის,
მეც გავილაღე სიტყვითა,
დანარჩენს ბარს რო ჩამავა,
ჩემ დადნაფიცი იტყვისა
 
                                                        ნინო ჭინჭარაული




ღმერთმ არ მოშალოს ადათი
ლექსობისა და წაწლისა,
შატილში მოშატილენი,
დიდის ამღებნი ღვაწლისა, 
ფშაველ-ხევსურთა ლაღობა,
ხინკალი, წვენი ანწლისა,
 და-ძმობის წესი და მადლ
გრეხა ამ საღვთო ბაწრისა

ახარებს ილტოსპირელს
ესე ამბავიც ამ წლისა 
მაისა და ნინოს 
უწონებს სიტყვის ნაწილსა
 სუ ღიმილებით მოვფარა
 ჩემით თქვენამდე მანძილსა
უმცროსო დაულეებო, 
ჯვარ გიმარცხებდესთ მაცილსა,
თქვენს მტერს და ავის მენდომეს

ვხედავდე ჭკვისგან დაცლილსა! :)))))

                                                                                  მიხეილ ღანიშაშვილი 


გაიხარეთ და მახარეთ
როგორც ეს დილა ავდრიან
რას ჩავიდენდი უკეთესს
გულებს ვალაღებ დარდიანს
ცოტა ინტრიგას მივმართე
მომეტევება?
მადლია...:))))))))))))))))

მაია გონჯილაშვილი

Montag, 1. August 2011

* * *

რამ დაგაღონა?...
-ჩამკითხეს...
სადარო ბადრის მთვარისა,
ცრემლი რად გასვი წამწამზე
ნისლს გავხარ სახე მტკნარითა...
ჩამამაღონა ჩემმა დღემ
უნდოდ დაცინვამ მწარისა,
ორგული წუთისოფლისად
ავდარით შაცვლამ დარისა,
მთა შემიკედლებს კალთის ქვეშ,
აქ მზეც სხვაგვარი არისა, 
ცრემლს მომწმენდს და გამაცინებს,
მტერია ჩემის ჯავრისა...

ჩემთვის და უჩემოდ

მივყვები უშენო ხეივანს,
ბინდი გაიხიზნა თვალებში,
იცოდე ამ წამებს, დღეიდან
მიაგნებ...
წარსულით გალეშილს...

მივყვები, ბოლომდე მივყვები,
გავთელავ ბილიკებს უშენოდ,
უწყალო განსაცდელს მპირდები,
ჭრილობებს ვჩიჩქნი და ვნუგეშობ...


სტრიქონის იარაღს, ავისხავ,
ჯიხვების ხოროებს გავყვები,
ტყაშმაფა მიმიჩნევს თავისად,
ნადირთ მწყემს, უღმერთო,
ქალღმერთი...

ქარს დავემოყვრები, ქარაშოტს,
მომიტანს ჩურჩულით მოძახილს,
ტიალი ფიქრები დაგაშრობს,
გათანგულს, მრავალჯერ მოცადი...

...და მერე კვლდაკვალ, ნაბიჯებს
გადადგავ, ჩემთვის და უჩემოდ,
მზის სხივებს ბილიკად დაგიფენ,
დაგკარგავ ნისლივით,
უჩინოდ...

ცხოვრების უჩემო ხეივანს
ჩაჰხედავ, დაბინდულ თვალებში,
იცოდე ამ წამებს დღეიდან
მიაგნებ...
წარსულით გალეშილს...