დამემგზავრე

Sonntag, 27. Mai 2012

საწყის_სასრული...


ჩემთვის რომ ეკითხათ,
-სად არისო, ამ სამყროს საწყის_სასრული...
დაუფიქრებლად,
შენს თვალებზე მივუთითებდი...
და თუ მხატვრის ფუნჯს,
მხოლოდ ერთხელ ,
მომაწვდიდა  ვიღაც მავანი,
ჩემს გულს მოლბერტად გავშლიდი და
შენს სიმშვიდისფერ სევდას,
კრძალვით ამოვქარგავდი...
თუკი ოდესმე,
გზად შემხვედრი ვინმე გლახა,
ხელგაწვდილი შველას ითხოვს,
თრთოლვით გამთბარი,
უკანასკნელ ძალ_ღონეს არ დავიშურებდი,
რა გამაჩნია...
ანდა რა მაქვს დასაკარგავი...
საწუთრო ჩემთვის  დროებითი სამოსელია,
თუმც არ მჩვევია,
საუნჯეთა თელვა ფეხებით...
სიყვარულია,
ამ სამყაროს საწყის_სასრული,
და უფალივით,
მხოლოდ ლოცვით თუ შევეხები...
როგორც დაყუდებული ბერი კლდეში,
სტრიქონებში  გავიხიზნები,
რადგან
არაფერი მაახლოვებს უფალთან ისე,
როგორც ლოცვა და  სათუთი ფეთქვა რითმების...
და როცა მკითხავენ...
-სად არისო,  ბედნიერება...
შენი გულისკენ,
გზას არავის მივასწავლიდი...
მხოლოდ იმისთვის მოვედი ქვეყნად,
რომ ჩემი სული,
სანთელივით დამენთო შენთვის...
26.05.2012