დამემგზავრე

Donnerstag, 21. Juli 2011

მჭირდები...


 მოგდევ...
ვიღლები...
ვჩერდები, რომ  ჩაგისუნთქო ისევ შენ...
მე ხომ ყველაზე მეტად მჭირდები ახლა...
ჰო, ვიცი  მეტყვი:
–„მეჩქარება“!
და...
გარბიხარ...
დღეს უსაშველოდ შეგიგრძენი, ამოგისუნთქე და დაპატარავდი...
სულ ერთი ციცქნა, ერთ წამში ჩაგტიე და გამიქრი...
ხელი გამოგიწოდე, მინდოდა ჩაგხუტებოდი, წამით, ერთ წამში შემეჩერებინე...
დღეს ხომ ყველაზე მეტად, სულის კივილამდე მჭირდებოდი...
„დროს ეჩქარება!“ მიპასუხე და ისევ გაყინულ თითებში შემომადნი...
ერთი  წუთი, სამოც  წამად დაყოფილი, სამოცი წამი, სამოცი წელიწადი   თორმეტად დანაწევრებული, თითოეული კი ოცდათერთმეტად, ხანაც ოცდაათი... ჰო კიდევ ოცდარვა და ოცდაცხრაც ხანდახან, ესაც ისევ შენ როგორ მოგესურვილება განავარდება, ისე უნდა აგიწყო მეც ფეხი...
მოგდევ...
ვიღლები...
ვეცემი???
არა, არ დავეცემი, მე გადეწევი...
მე ხომ მჭირდები...

Stuttgart      2009

მამაო ჩვენო!!!



(მამა, ანდრია პაპუაშვილის ხსოვნას)
მამაო ჩვენო!
დაიფარე შენსკენ მავალი,
აუვსე რწმენით საყუდელი,
მარადიული!
შეუმსუბუქე სამოთხის გზა,
ტანჯვად ქცეული!
მიუსაფარი, განწირული
გევედრი...
ღმერთო!..
მადლი შენს მიერი,
წმინდა ლოცვის,
მის სულს  შეედროს...
მამაო ჩვენო!
შეგავედრებ მე მუხლმოდრეკით
მამა(ო)  ჩემი...
სულის ჩემის ნავსაყუდელი...
და განშორებით ამა ქვეყნისგან
დაუმკვიდრე, ცათა შინა
სასუფეველი...
/Deutschland,Stuttgart, 2010 Ostern/

***


ლოცვით გავიკვლევ
ნაჩვევ ბილიკებს,
იღვენთებიან
ფიქრად დღეები
და...
მე წარსულის
სანთლის ციმციმზე
შორს მომავალში დავეხეტები...
შევეხიზნები
დღეებს ფეთიანს,
დრო უნდობელი
სუნთქვას თუ მაცლის,
ცხოვრების წიგნზე
სანთლად ვენთები,
მის მთრთოლავ ფურცლებს
ლოცვით გადავშლი...
(2008გერმანია)

* * *



გადის დრო,
ტიალი ცხოვრება,  წამია...
აღარად
დაგიდევ დღეს  ზეცას დარდიანს...
მალულად
დაჰხელავს ცრემლებს წამწამი და
 უფერო
დღეებიც  ნისლებად დადინდა...
...და ეს დრო,
ტიალი, უშენო წამები,
ნეტავი
იცოდე, რარიგად დამღლიან...
...და როცა
ეს წუთი გულს დაღლის წამებით
და მზე
ჩასვლისას ცას ტოვებს დამღიანს,
როდესაც
სიცოცხლეს სიკვდილი ნაკლად აქვს,
მშობლიურ
ბილიკებს ხვალ ვეღარ გავკვალავ,
მოვკრეფავ
მარცვლებით სტრიქონებს ანკარას
და დავლევ
ბოლო წამს, ცხოვრების ნაპრალთან...

                                                     Deutschland,Stuttgart  27.12.2009