დამემგზავრე

Mittwoch, 12. Oktober 2011

არა ვიცი რა...

– რა ჰქვია მაგ შენს სატკივარს?
– ჩემი სატკივარის სახელი?.. ჰო მისი სახელი... კი მაგრამ ასეთ რთულ კითხვებს სად მიაგნებ ხოლმე? შენს ცნობისმოყვარეობას ზღვარი აღარ უჩანს უკვე.
– სად უნდა მივაგნო ჩემს ფიქრებში, ამეკვიატა და გკითხე... დღე მუდამ ვიღაც თუ რაღაც გაწვალებს და ვერ კი ჩაგიხვდი.
– ჰოო, ჯერ პატარა ხარ, რომ გაიგო მისი ავან–ჩავანი .
– შენთვის ხომ სულ პატარა ვარ, ნუთუ აღარ გავიზარდე?
– კი, გაიზარდე, ტანი აიყარე, ადამიანს დაემსგავსე თითქოს, მაგრამ ჯერ კიდე ბევრი გაკლია ბევრი. ცხოვრება გაქვს გასავლელი, წინ უამრავი  გათელილი თუ ჯერეთ ადამიანის თვალ და ხელ შეუვლები  ბილიკა გელის. ჰო და , ამ გზაზე როცა შედგები გადაგეყრება სადმე  ეგ შენი აკვიატებული სატკივარიც...
– და რომ არ შემეყაროს?
– შეგეყრება, ვაი რომ შენც შეგეყრება, სახადი სენივით არის  ტიალი, ვერც თავს გაუგებს კაცი და ვერც ბოლოს, არც დასაწყისი უწყის მისი ვინმემ და არც დასასრული. არც ლაპარაკისა გაეგება რამე, ბრმა დაიარება სოფელ_ქვეყანაზედა, ვინც კი გზად გადაჰყრია ყველა დაუბრმავებია და შენც  უნდა უფრთხილდე. თოთო ბავშვივით სათუთი და ანგელოზივით წმინდაა, უფალივით თვალთშეუდგამი და ამოუცნობი, რომელთანაც ყოველგვარი ძალმომრეობა გამოუსადეგარია. რკინის ნებისყოფა  და კლდის გამძლეობა უნდა გქონდეს რომ მასთან ერთად  სუნთქვა შეიძლო.
მე ამის მეტი არა ვიცი რა...