დამემგზავრე

Freitag, 10. August 2012

* * *


შამამგლისფერდა უგვანოდ,
ხასიათ წამიხდებისა,
საწურთოს როგორ ვუგანო,
გაზრდილმა აემ მთებისამ...
ჩემ სავალ, თავად გავჰკაფავ,
ცხომ რა იც, რა მინდებისა,
არა რას მარგებს დამალვა,
ბევრ კიოთ დაშავდებისა...
არა ვვარგივარ უკალმოდ,
თავზე ცა დამექცევისა,
საწუთროს როგორ ვუგანო,
გაზრდილმა აემ მთებისამ...

14.06.2012

როცა...


როცა მკლავებს მოგხვევს ქარი,
იცი?
მას ჩემს ალერსს ვატან,
როცა სურვილი მკლავს მძლავრი,
სხვაგვარ ვერ ავიხდენ ნატვრას...
როცა,
მთებში  კარგავ მზერას,
ვებაასები  ნისლებს,
ქარის გულისთქმით  გზვერავ,
მერე მის მონაჭორს ვისმენ...
როცა...
იჭვები მკლავს მძლავრი,
როცა...
უნებართვოდ გდარდობ,
ალბათ იმ ერთადერთს გადრი,
ყველა გარიჟრაჟს და   მნათობს
როცა მკლავს შემომხვევს ქარი,
იცი? რა არ ხდება მაშინ...
მაშინ უშენობით დაღლილ
გულში, შენს ნაკვალევს წაშლის...

ადამიანმა



თვალების უკან ჩავილაგე ცრემლის სურები,
სიმშვიდის ფერი ავიფარე,  უგრძნობ  ნიღაბად,
რამ შეგაშფოთათ, დღეს სიკეთის  გავხდი მსურველი,
და ყველა სურვილს ავუსრულებ თუნდაც  ,,ვიღაცას“.

დაუკითხავად  გადაფურცლავს  დრო  ამ  ნაკვალევს,
ყველა   ნაბიჯი  მე სიკვდილთან დამაახლოვებს,
და გულის მახრა,  ერთადერთი ფიქრი მაწვალებს,
რომ შეიძლება,  სიყვარული აღარ მათრობდეს...

გავკადნიერდი...
შენ, სამყაროვ! .. მეცოტავები...
-გთხოვთ, გამატაროთ  ამ კარს მიღმა...
-სივრცე არ მყოფნის...
შიში ჩამდგარა თვენს თვალებში, მე შორს წავედი...
მაშ, გაიმეტეთ ის მცირედი, ჩემი სამყოფი...

დედა(მიწაზე)  როცა შემქმნეს  ადამიანად,
ციდა სითბოსთვის, თავდახრილი გისრულებთ თხოვნებს,
გული მოწყენით შემოჩენილ ფიქრებს მიმალავს,
რომ შეიძლება, ის მცირედიც  არავის ჰქონდეს...

თვალების უკან ჩავილაგე ცრემლის სურები,
მბორგავი სული ამ სამყაროს სად არ მიადგა,
ღმერთო! ვეცადე, თუმც შეცდომებს მაინც  ვუშვებდი,
ამაზე მეტი ვერ შევძელი ადამიანმა...

08,08,2012

Montag, 25. Juni 2012

ნატვრა...



ნატვრა ავიჩემე ერთი,
ნატვრა  უბრალო და,
თითქოს,
ვრძნობდი, იცინოდა ღმერთი,
როცა დავეძებდი სითბოს...
ჩუმად აგედევნა  მზერა,
მზერა უბრალო და,
წრფელი,
დამეხსენ, დამეხსენ ერთავ,
დავტანჯავ მდუმარე წერილს...
ნატვრა ავიჩემე ერთი,
მზერით გაგიბედე მეთქვა,
ჰოი, საოცრებავ...
შენით,
გულმა გადამრია...
ფეთქავს...

Sonntag, 27. Mai 2012

საწყის_სასრული...


ჩემთვის რომ ეკითხათ,
-სად არისო, ამ სამყროს საწყის_სასრული...
დაუფიქრებლად,
შენს თვალებზე მივუთითებდი...
და თუ მხატვრის ფუნჯს,
მხოლოდ ერთხელ ,
მომაწვდიდა  ვიღაც მავანი,
ჩემს გულს მოლბერტად გავშლიდი და
შენს სიმშვიდისფერ სევდას,
კრძალვით ამოვქარგავდი...
თუკი ოდესმე,
გზად შემხვედრი ვინმე გლახა,
ხელგაწვდილი შველას ითხოვს,
თრთოლვით გამთბარი,
უკანასკნელ ძალ_ღონეს არ დავიშურებდი,
რა გამაჩნია...
ანდა რა მაქვს დასაკარგავი...
საწუთრო ჩემთვის  დროებითი სამოსელია,
თუმც არ მჩვევია,
საუნჯეთა თელვა ფეხებით...
სიყვარულია,
ამ სამყაროს საწყის_სასრული,
და უფალივით,
მხოლოდ ლოცვით თუ შევეხები...
როგორც დაყუდებული ბერი კლდეში,
სტრიქონებში  გავიხიზნები,
რადგან
არაფერი მაახლოვებს უფალთან ისე,
როგორც ლოცვა და  სათუთი ფეთქვა რითმების...
და როცა მკითხავენ...
-სად არისო,  ბედნიერება...
შენი გულისკენ,
გზას არავის მივასწავლიდი...
მხოლოდ იმისთვის მოვედი ქვეყნად,
რომ ჩემი სული,
სანთელივით დამენთო შენთვის...
26.05.2012

Mittwoch, 9. Mai 2012

* * *



არ მინდა,

უშენობა არ მინდა,

სიცოცხლეს,

ვერ დავიწყებ თავიდან,

წამიდან,

დღესაც  რომ უგულოდ  გაცივდა,

წავიდა,

ცხოვრება უფერულად  გავიდა,

ნატვრიდან,

გულის უხილავი კარიდან,

ჩემიდან,

შენამდე მანძილი არ მინდა,

მაღირსე,

ცრემლი ამომიშრე თვალიდან,

გაიგე,

ოცნება გახელდა, გაგიჟდა,

მჭირდები,

ფიქრზე სანთელივით მანთიხარ,

დამინდე,

სულის კივილამდე მაკლიხარ...

არ მინდა,

უშენობა არ მინდა,

სიცოცხლეს,

ვერ დავიწყებ თავიდან...

24.04.2012

მეგობარო!


მძიმე ყოფილა ცხოვრების გზა
ძალზე უდრეკი,
არ დაუჩოქო!
წინ გასწიე !
მარად ნეტარო,
სიცოცხლე  მწარე  შარბათს გასმევს ?
ნუ ემდურები...
წყაროვ, არ შედრკე
ჭიუხიდან გადმომჩქეფარო...
დალიე ღვინო შეიგრძენი
სამყაროს დენა,
ვერ მოგერიოს ეს საწუთრო
თუნდ მიგატოვონ,
ფიალა სწრაფად გამოსცალე,
არ აჰყვე სევდას,
განსაცდელისას მეგობარი
ღვინოა მხოლოდ...
როს დაგანთხიოს დღეს ცხოვრებამ
ასპიტის გესლი,
არ დაუჩოქო!
არ დანებდე!
იწამე ერთი:
-ესაა მხოლოდ წუთისოფლის
ტკბილი შარბათი,
რასაც ეიგრძნობ იგი არის
შენი...
 დასრულდა...
რაც აქ დაგრჩება, ამ ქვეყნიურს
ნუღარ დანატრი,
მას ვერ შეწვდები, გვიანია,
შთანთქა წარსულმა...
არ შედრკე არსად მეგობარო,
დარდი დამალე!
არ აგრძნობინო ამ ცხოვრებას
თუ რამე გტკივა!
დატკბი სიცოცხლით და
დაცალე თასი სანამდე,
მიწისგან ქმნილი
მიიქცევი ისევე მიწად!

Samstag, 28. April 2012

სიამაყე?

- ჩემი სამკაულია...

განა ვინ ვარ?

- ფშავლის ქალთარაფერა...

მორჩილება?

-მხოლოდ უფლის მწყურია...

ქედუხრელი?

- რა ვქნა, მთამ დამიფერა...


/მაია გონჯილაშვილი/

Donnerstag, 5. April 2012

სიზმარ(ეული)


ცრემლი მიკოცნის ანთებულ ღაწვებს,
ძაღლივით, გულ_მკერდს მილოკავს დარდი,
ბედის ვარსკვლავი მთვარესთან მაწვენს,
და გაუხარელ პატარძალს ვგავდი...
ფიქრის სარეცელს გამიშლის ღამე,
ყველა სურვილი ცოცხლად  დავმარხე,
სიზმარ(ეული) ცრემლები ვღვარე,
როგორც მშობელი დედის კალთაზე.
წყურვილს ვერ მიკლავს ალერსით მთვარე,
ტკივილი თვალებს ამიწყლიანებს,
როგორმე შევძლო,  ვნებებით მთვრალებს,
უნდა გავექცე, ღამის წყვდიადებს...

Dienstag, 21. Februar 2012

* * *


საფიქრალ სადარდი შემყარე,
რაგვარ რა ჰყოფილხარ ტიალო,
არ იცი მტერი და მოყვარე,
ვერც რას  კლდე გაშინებს ფრიალო.
გერიდე, ღმერთმანი გერიდე,
უშენოდ რამდენი ვიარე,
ვჯიუტობ, ბედს უნდა შევრიგდე,
დამხელთე, სულ გამატიალე...
დამთოვა, ფიქრმა თუ ფანტელმა,
აღარც გზა დასტოვა სავალი,
ტკივილმა რა რიგად მამხელა,
ვერსაით ვიპოვე წამალი...
შევცოდო?
არ ვითხოვ შენდობას,
არცა მთებს შევძრავ ბღავილით,
უფალთან  მივიტან შეცდომას,
და იქ შევჩერდები დაღლილი...
02.02.2012

Montag, 6. Februar 2012


ხან, კალამს დავეღირები,
ვცოდვილობ ლექსის წერასა,
ეგება თვითონ ვირჩევდი,
ჩემივე  ბედისწერასა.
მთა_ბარს მოსდრეკენ  ფიქრები,
სწადიათ ყოფნა შენთანა,
ნაავდრალ ღრუბლად ვიშლები,
თოლნი გეძებენ ყველგანა.
ჯიუტად, ცრემლებს ვიშრობდი,
გელოდი გულის კართანა,
ისე დამღალე სიშორით,
ეხლა მივდივარ სხვასთანა...

Montag, 16. Januar 2012

. . .


ნუ შემაღონე ტიალო,
ნუ შემიკალი ხელშია,
სულ შენს გარშემო ვტრიალობ,
თუმც უშენობა მერჩია.
ბაგე გახსნილი  ვივლიდი ,
არ დავიდენდი ცრემლასა,
მზეს შევხვდებოდი  ღიმილით,
გავუსწორებდი მზერასა.
მტერ გამიმრავლდის, დუშმანი,
უმისოდ ყოფნაც ძნელია,
გამაფხიზლებენ, ღმერთმანი,
თორო სამყარო  ჭრელია,
ავს_კარგად  მოგაჩვენებენ,
შხამს შეგასმევენ წვეთითა,
თუმც დამაკლებენ ვერაფერს,
სიკვდილსაც ვხვდები ლხენითა.
ცუდია? ყოფნის სასჯელად
თავის გამხდარა მტერია,
მიაც ამ ქვეყნის შვილი ვარ,
მაგრამ ვერაფერს ვშველია...
გულო!
როგორ სძლებ საგულეს,
რაით არ ამამიხდები...
შენც,
სიკვდილივით სიმართლევ,
ტიალ საწუთროს უხდები...

06.01.2012