დამემგზავრე

Mittwoch, 13. Juli 2011

ჩინურ ქართული დიალოგი


ჩინელი:  შეძლება რაღაც გკითხო?

ქართველი: კი, რატომაც არა, მკითხე.

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  მადლობა კომპლიმენტისათვის... ეშმაკური ღიმილით თვალის ჩაკვრაც  
                        არ დაამადლა...

ნახევარი სათის შემდეგ.

ჩინელი:  ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.

ქართველი:  რომელ კითხვაზე?

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  იმიტომ რომ ქართველი ვარ!.. საქართველოს ცაზე  სხვანაირად ანათებს მზე, მის ბუნებას რომ დასცქერიან მზის სხივები სიკაშკაშე ემატებათ და ამ მზეს  დაბადებიდანვე როცა შეხედავს ქართველი, თვალები სხივებს ირეკლავენ, ფართოვდებიან და  სამყაროს სილამაზესაც თვალებით ასხივებენ...

ჩინელი:   მაინც ვერაფრი გავიგე... აიწურა მხრები... ყველა ქართველს ასეთი ლამაზი და დიდი თვალები აქვს?..

ქართველი: ყველა ქართველს რომელსაც დაბადებიდან საქართველოს ცაზე მანათობელი მზის სხივები ჩაეღვრება...

ჩინელი: მე რომ წავიდე საქართველოში, მეც ასეთი დიდი და ლამაზი თვალები მექნება?

ქართველი: არა პირიქით, შენ  უფრო დაგიპატარავდება, ვერ გაუძლებ მზის სიკაშკაშეს და შეიძლება სულ ვეღარაფერი დაინახო...

შეშინდა ქართველი კიდე ერთი ჩინელით არ გამრავლდნენ საქართველოშიო...

ჩინელი: არაააა, გადავიფიქრე...

ქართველი: კიდე კაი, აბა წეღან რა გული გამიხეთქე საქართველოში უნდა წავიდეო...

ჩინელი: დაბრმავება არ მინდა...
              *    *    *
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.

ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.

მზერაში გაჩრილი   ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.

ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი

         ,,ვერ მიზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა"
ტარიელ ხარხელაური

მაბრუნებს წუთისოფელი
ვინძლო ცეცხლ წამიკიდოსა,
ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი
სიკვდილმა ტვირთ ამკიდოსა.
ქარმა დასძენძოს ღრუბელნი
დღე ღამემ დააბინდოსა,
მზე მიეჯაროს ჭიუხებს
სხივები ვეღარ ზიდოსა.
მშობელი დარდმა დამიშროს
საწუთრომ არ დამინდოსა,
გულისსწორს თვალნ ვერ შავყარო
გულს ლოდი დამეფინოსა,
ატირდნენ კლდენიც ცრემლები
ჩანჩქერად დაედინოსა,
მთის კალთა ლოგინს მიშლიდეს,
რომ მშვიდად დამეძინოსა,
მის მკერდზე ლაღად გაზრდილსა
არ მიზამს ცხოთ დამითმოსა,
როგორ დამნანდეს სიცოცხლე
დიამც გზა მოკლე იყოსა,
კვალს დავსტოვ სააქაოსა
ვით გველი თავის ლიბოსა...

მოვა გაზაფხული???

სიზმარს ვიმარტოვებ მთვარის სარეცელზე,
მშვიდი საყუდელი სხვაგან ვერსად ვპოვე,
შენით ნაავადარ სნეულს დავეფერე,
ვირგებ დავრდომილი ლექსთა შესამოსელს...

კართან დამიბერდა თმათეთრი ზამთარი,
ჭაღარა სიჩაუქეს თან დაჰყავს ხელკავით,
იმედს თითისტარზე ოცნებით ვართავდი,
მოვა გაზაფხული?
                                        ვნუგეშობ...
                                                                    ნეტავი...
    *   *   *

ქარი მიგლალავთ ნისლებო,
რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,
ცაც ისე წაიმგლისფერებს
ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...
ქარმა წანწალით დაგცვითათ
დაგცრიცათ დაგაწიალათ,
ზეცას ჩაჰხსნია საკინძე,
საკინძე ღიმილიანა...
ვფიცავ, ლექსებად დავწურო,
ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,
ავუხირდები საწუთროს,
ან მე დავრჩები, ან ისა...

ვაჟ რაიმ ვნახე

ვაჟ რაიმ ვნახე ბეჩავმა,
თანასწორ სწორებთანაო,
შამყარა ფიქრნი, ტიალნი,
გულს ჯავრად ჩამეტანაო...
არ დამემგზავრა საწუთროს,
რო მთის ხარ_ლაღი
                                            ნიავ_ქარს,
ჩამამეყარნენ დარდები,
სატკივარმ  ჩამამინამქრა...
წამამაგონდებ, დასაბრმობ
თოლთ ცრემლიც წამაუვლითა,
ვერც ჩემად დავიგულე და
ვერც ამოვშალე გულიდან...

ყოფნა არყოფნა

მამწყინებია სამზეოს
ძაღლუმადურად წანწალი,
რამდენ მარცვალი დავთესე,
ვერსად მავხელე სამკალი...
ზეცას ღრუბელი ვთხოვე და
არ შამიხვია საგზალი,
მარტუა ცრემლი ჩამასწყდა,
საწუთროვ!...
როგორ შამჯავრდი...
მიწავ!
შენ მაინც მიმიღე,
ჩემი სასრული ეგ არი,
კარ თუ შამავხსენ ნუ შიშობ
არ შამამყვების მდევარი...

* * *

        
მზერამ გაიმუდმა შენს მხრებზე ალერსი,
მტერივით ზურგიდან გიმიზნებს იარაღს,
კდემა დაუკარგავს გრძნობებით ალესილს
და თრთოლვას ღაწვების წიაღში ინახავს...

უბელო რაშივით ჰბორგავ და თარეშობ,
სილაღეს ამსგავსებ ატეხილ ნიავ_ქარს,
მორჩილებ, მხოლოდ ჩემს უმეფო  სამეფოს
და ეშმას დაარქმევ, შენს სულის ბინადარს...
             *   *   *
ჩამოგწოლიათ ნისლები,
რო შევერცხლილი ჭაღარა,
ნეტამც ჩამხვია თქვენს მკერდს და
თქვენთან ყოფნითამც დამღალა,
არრას დავეძებ, საწუთრომ
სად მატარა და სად არა,
რადგან თქვენს შემდეგ, სიცოცხლე
ან არსებობს და ან არა...

ჩემი იორი

ზვირთის ქეჩოზე სმენადა ვარ
ყურდაპყრობილი,
ფშანსა და შამბნარს ახმიანებს
ანცი ჭავლები,
იდუმალების მადლიანი
სხივით შობილი,
შეუზომელი სილამაზით
აციალდები...
ჩამიღიმილებს, ლაჟვარდები
შენს საკინძესთან,
ბროლნამსხვრევები მომეცვრევა
მჩქროლავ ტალღების,
ხვალე საწუთრო დაჩოქებას
ვერ გამიბედავს,
როგორც კალმახი, შენს ტალღებში
როცა ვლაღდები...