დამემგზავრე

Mittwoch, 20. Juli 2011

მწყურიხარ



ჩურჩულით გპასუხობს გული და
 
საწადელს თვალები გირანდავს, 
ვერ ვბედავ...
კრძალვა და რიდია...

მწყურიხარ...
 
და მაინც მივდივარ...
მივდივარ და მზისფერ კულულებს

სხივს დაუწალიკებს მთის ქარი,

დროც ტიალ ჭრილობებს მიწყლულებს
 -გულისთქმა რაით ვერ გითხარი...
სიცივით შემკრთალი თვალებით,
 
თითებზე დამტირის სანთელი,
მწყურიხარ...

საწადელ ვერ განდე
,
დარდს ჩუმად დაუხრავს სათქმელი...

მთებისკენ შენს მზერის ბილიკებს

შევყვები,

სულ გადაგივიწყებ...


ყბებს უვსებს ნისლები ხეობებს,
 
საფიხვნოს ჩამამსხდარნ ღრეობენ...

* * *

გეძახი, ჩურჩული  ქარს მიაქვს,
მიაქვს და ცას აკრავს ბინდებად,
მეაც თუ სურვილმა ამრია,
ნისლებო ნუ გაგიკვირდებათ..
           გეძახი...


გეძახი და ეს ხმა ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს,
                        აწყვეტილ
                                            ხარხარით,
რა უნდო,
                     წყეული ჟამია,
ბედკრული ჩემივ ხმა ჩამძახის...
ნისლს იცვამს მთა, ფიქრიანია,
ჭიუხიც აღარა მჩქამდება,
უდროოდ  რად მიიჩქარიან,
დღეები შორს გარდაცვალებად...
სამყაროს მგლისფერი მუნდირი
მოუსხამს, ცის სუფრას თამადობს,
მწარეა ეს ყოფა  დუხჭირი,
ფიქრთა სარეცელზე ვავადობ...
გეძახი,  და ეს ხმა ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს,
                         ჩვეული
                                              ხარხარით...
ეს ჟამნიც თავის გზით წავლიან,
ჩემივ ხმა  ჩურჩულით  ჩამძახის...
28.12.2010

* * *



ხანდახან ღიმილს დავემოყვრები,
ხან კი ცრემლისაც ვხდები ხიზანი,
ვერა საწუთროვ ვერ დამითანხმებ,
შენი არ მესმის, უქმად მიძახი...
ჰო, ერთხანობას მოგაყურადე,
მინდოდა შენი სავალით მევლო,
წყეულო, მახვევ გლოვის სუდარებს,
უმზეოდ სუნთქვა როგორღა შევძლო...

ჰო, მერიქიფე(ვ)

                                        *     *    *                

 ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
ცხოვრების თასში, ვგრძნობ სიმშვიდის ფერი მაქვს წარმართს,
წელიწადები ტანთ ჩაუცვამს, დრო წარსულს ბარდნის,
ცოდვილი სული მკვდარ სხეულზე ჯვარცმული დამაქვს....

ჰო, მერიქიფე(ვ)... მომაწოდე ასპიტის თასი,
საიდან მოველ, ან სად მივალ არ ვიცი ჯერაც,
ხახადაღებულ საწუთროში ადამის მსგავსი,
ჩემივ სამარეს უწმინდური ტერფებით ვთელავ...

ჰო, მერიქიფე(ვ)... დღეს სიცოცხლის მე მქვია ლოთი,
შენ ჩამომისხი წვეთებით და მე პეშვით შევსვი,
ჩამოისვენებს წარმართ სულზე დღეს თრთოლვა ლოცვის
და მტრედის ფრთებში (გარდა)მიცვლის ცხოვრებას შეშლილს...

ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
თორემ სიმშვიდე, ცოდვილ სულზე დამგესლავს ყალბი...