დამემგზავრე

Donnerstag, 14. Juli 2011

ქალბატონო

ქალო, სირცხვილია, შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს...
გიორგი ზანგური 

ლია დავითაძეს
 
ხელი დაიფარე
მუხლის_თავებზე,
მორცხვი სიშიშვლის პირას...
კანჭზე მოგხვევია
ქარი უტიფარი,
წავა, მოუყვება ნიავს...
არა...
ქალბატონო!
თავს ასე ნუ დახრი,
ქარს შენი სიამაყე ხიბლავს...
ხეებს შემოახსნა
მთრთოლავი ფოთოლი
ყელზე შეგაბნია მძივად...
თმაში შეგეპარა
ურცხვად აგიწეწა,
დავარცხნა არ გშვენისო!
გითხრა...
თვალებს ნუ აზიდავ
ზღვისფერი ამბორით,
წალეკენ ღმერთმანი ცის_კარს...
ტალღებად მომსკდარი
წამწამი დახარე,
გათელე, ნუ დაინდობ მიწას...
ნაბიჯს აუჩქარე
სხვანი ჩერდებიან
U, la, laaa...
გჩუქნიან მოჩურჩულე ტრფიალს...
ქურდული ჟინით
მზერას გაპარებენ,
ბაგეზე დაასკდათ სიტყვაც...
თუმცა რა სიტყვაა,
ვერც კი გიბედავენ,
ქარი გარს გეხვევა,
გიცავს...
კანჭზე მოგტმასნია
გლოკავს,
ქალბატონო!
შიშველი სიმორცხვის პირას...
ხელი დაიფარე
მუხლის_თავებზე
გრძნეული სინატიფე გიჩანს!!!


დედა

დაგვიბერდა გაზაფხული ჭადართან,
დრო დაგილევს  სიყმაწვილის ღალას,
მოვერცხლილა საფეთქელთან ჭაღარა
და ზამთრები უნებურად გღალავს...

გამიხუნდა შენს ძაძებზე ბავშვობა,
ბედ-ყისმათი ახლაც ისევ დამცინის,
მიუსაფარს, იმედი რომ მათბობდა,
ბეღურებმა ამიკენკეს ნაწილი...

წვიმს...

მონატრების სუსხში ვეხვევი,
ცრემლივით სველი და მლაშე...
გონებაზე ცივ სამოსს  მაცმევენ,
ოცნებებად გაბნეული წვიმის წვეთები !
ჩემი ფიქრივით სევდიან_დარდიანი,
ცის მარგალიტები, სიყვარულისფრად
იბნევიან ჩემს ღაწვებზე...
...და მაინც,
უბრალო,
 ტკივილამდე,
 მონატრების ცრემლი ეღვრება
ჩახსნილ გულისპირზე   დედამიწას...


31.03.2010

Mittwoch, 13. Juli 2011

ჩინურ ქართული დიალოგი


ჩინელი:  შეძლება რაღაც გკითხო?

ქართველი: კი, რატომაც არა, მკითხე.

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  მადლობა კომპლიმენტისათვის... ეშმაკური ღიმილით თვალის ჩაკვრაც  
                        არ დაამადლა...

ნახევარი სათის შემდეგ.

ჩინელი:  ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.

ქართველი:  რომელ კითხვაზე?

ჩინელი:  რატომ გაქვს დიდი და ლამაზი თვალები?

ქართველი:  იმიტომ რომ ქართველი ვარ!.. საქართველოს ცაზე  სხვანაირად ანათებს მზე, მის ბუნებას რომ დასცქერიან მზის სხივები სიკაშკაშე ემატებათ და ამ მზეს  დაბადებიდანვე როცა შეხედავს ქართველი, თვალები სხივებს ირეკლავენ, ფართოვდებიან და  სამყაროს სილამაზესაც თვალებით ასხივებენ...

ჩინელი:   მაინც ვერაფრი გავიგე... აიწურა მხრები... ყველა ქართველს ასეთი ლამაზი და დიდი თვალები აქვს?..

ქართველი: ყველა ქართველს რომელსაც დაბადებიდან საქართველოს ცაზე მანათობელი მზის სხივები ჩაეღვრება...

ჩინელი: მე რომ წავიდე საქართველოში, მეც ასეთი დიდი და ლამაზი თვალები მექნება?

ქართველი: არა პირიქით, შენ  უფრო დაგიპატარავდება, ვერ გაუძლებ მზის სიკაშკაშეს და შეიძლება სულ ვეღარაფერი დაინახო...

შეშინდა ქართველი კიდე ერთი ჩინელით არ გამრავლდნენ საქართველოშიო...

ჩინელი: არაააა, გადავიფიქრე...

ქართველი: კიდე კაი, აბა წეღან რა გული გამიხეთქე საქართველოში უნდა წავიდეო...

ჩინელი: დაბრმავება არ მინდა...
              *    *    *
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.

ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.

მზერაში გაჩრილი   ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.

ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი

         ,,ვერ მიზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა"
ტარიელ ხარხელაური

მაბრუნებს წუთისოფელი
ვინძლო ცეცხლ წამიკიდოსა,
ვშიშობ ვერა ვსთქვა სათქმელი
სიკვდილმა ტვირთ ამკიდოსა.
ქარმა დასძენძოს ღრუბელნი
დღე ღამემ დააბინდოსა,
მზე მიეჯაროს ჭიუხებს
სხივები ვეღარ ზიდოსა.
მშობელი დარდმა დამიშროს
საწუთრომ არ დამინდოსა,
გულისსწორს თვალნ ვერ შავყარო
გულს ლოდი დამეფინოსა,
ატირდნენ კლდენიც ცრემლები
ჩანჩქერად დაედინოსა,
მთის კალთა ლოგინს მიშლიდეს,
რომ მშვიდად დამეძინოსა,
მის მკერდზე ლაღად გაზრდილსა
არ მიზამს ცხოთ დამითმოსა,
როგორ დამნანდეს სიცოცხლე
დიამც გზა მოკლე იყოსა,
კვალს დავსტოვ სააქაოსა
ვით გველი თავის ლიბოსა...

მოვა გაზაფხული???

სიზმარს ვიმარტოვებ მთვარის სარეცელზე,
მშვიდი საყუდელი სხვაგან ვერსად ვპოვე,
შენით ნაავადარ სნეულს დავეფერე,
ვირგებ დავრდომილი ლექსთა შესამოსელს...

კართან დამიბერდა თმათეთრი ზამთარი,
ჭაღარა სიჩაუქეს თან დაჰყავს ხელკავით,
იმედს თითისტარზე ოცნებით ვართავდი,
მოვა გაზაფხული?
                                        ვნუგეშობ...
                                                                    ნეტავი...
    *   *   *

ქარი მიგლალავთ ნისლებო,
რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,
ცაც ისე წაიმგლისფერებს
ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...
ქარმა წანწალით დაგცვითათ
დაგცრიცათ დაგაწიალათ,
ზეცას ჩაჰხსნია საკინძე,
საკინძე ღიმილიანა...
ვფიცავ, ლექსებად დავწურო,
ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,
ავუხირდები საწუთროს,
ან მე დავრჩები, ან ისა...

ვაჟ რაიმ ვნახე

ვაჟ რაიმ ვნახე ბეჩავმა,
თანასწორ სწორებთანაო,
შამყარა ფიქრნი, ტიალნი,
გულს ჯავრად ჩამეტანაო...
არ დამემგზავრა საწუთროს,
რო მთის ხარ_ლაღი
                                            ნიავ_ქარს,
ჩამამეყარნენ დარდები,
სატკივარმ  ჩამამინამქრა...
წამამაგონდებ, დასაბრმობ
თოლთ ცრემლიც წამაუვლითა,
ვერც ჩემად დავიგულე და
ვერც ამოვშალე გულიდან...

ყოფნა არყოფნა

მამწყინებია სამზეოს
ძაღლუმადურად წანწალი,
რამდენ მარცვალი დავთესე,
ვერსად მავხელე სამკალი...
ზეცას ღრუბელი ვთხოვე და
არ შამიხვია საგზალი,
მარტუა ცრემლი ჩამასწყდა,
საწუთროვ!...
როგორ შამჯავრდი...
მიწავ!
შენ მაინც მიმიღე,
ჩემი სასრული ეგ არი,
კარ თუ შამავხსენ ნუ შიშობ
არ შამამყვების მდევარი...

* * *

        
მზერამ გაიმუდმა შენს მხრებზე ალერსი,
მტერივით ზურგიდან გიმიზნებს იარაღს,
კდემა დაუკარგავს გრძნობებით ალესილს
და თრთოლვას ღაწვების წიაღში ინახავს...

უბელო რაშივით ჰბორგავ და თარეშობ,
სილაღეს ამსგავსებ ატეხილ ნიავ_ქარს,
მორჩილებ, მხოლოდ ჩემს უმეფო  სამეფოს
და ეშმას დაარქმევ, შენს სულის ბინადარს...
             *   *   *
ჩამოგწოლიათ ნისლები,
რო შევერცხლილი ჭაღარა,
ნეტამც ჩამხვია თქვენს მკერდს და
თქვენთან ყოფნითამც დამღალა,
არრას დავეძებ, საწუთრომ
სად მატარა და სად არა,
რადგან თქვენს შემდეგ, სიცოცხლე
ან არსებობს და ან არა...

ჩემი იორი

ზვირთის ქეჩოზე სმენადა ვარ
ყურდაპყრობილი,
ფშანსა და შამბნარს ახმიანებს
ანცი ჭავლები,
იდუმალების მადლიანი
სხივით შობილი,
შეუზომელი სილამაზით
აციალდები...
ჩამიღიმილებს, ლაჟვარდები
შენს საკინძესთან,
ბროლნამსხვრევები მომეცვრევა
მჩქროლავ ტალღების,
ხვალე საწუთრო დაჩოქებას
ვერ გამიბედავს,
როგორც კალმახი, შენს ტალღებში
როცა ვლაღდები...

Donnerstag, 7. Juli 2011

დარდებო


ისევ მამიხველთ დარდებო,
იცით, კარს ფართოდ გაგიღებთ,
ლექსით  მსურს მოგიალერსოთ,
მერე კი, მთებში წაგიღებთ...
იქავ დაგკარგავთ ნისლებთან,
იქავ წანწალსამც მოიხდენთ,
ჯავრი სულ დაგავიწყდებათ,
ყვავილთა მკერდზე მოილხენთ...
მემრ შამავუსხდეთ საფიხვნოს,
თქვენი სატკივარ მაჰყევით,
მე ჩემსას ვიტყვი, ნიავიც
მაგვხელავს, ამბის წამღები.
მე რად რა  შამამეჩვივნეთ,
შამამჩენიხართ ქადილით,
რაით არ გასჩნდით ვაჟებად,
რომ დამეჩაგრეთ წადილით...
დარდებო! გამჩნევთ,  გულისა
კარს ჩამამიხსნით, ჭრიალით,
თქვენც დაღალულხართ, ბედისა
წაღმა–უკუღმა ტრიალით...
27.04.2011


***/არც_რაა გასაოცები/

დრო გადაითვლის
ზამთარს და ზაფხულს...
შემოდგომის პირს
მზიან ფერებით
მომეხვევიან ფოთლები ყელზე,
მე კი...
შენს სუნთქვას მოვეფერები...
ყელს შებნეულნი,
თრთოლვის ელექსირს
ჩუმად მიქცევენ
ძლიერ მკლავებში,
მოალერსებას
შემომბედავენ,
ვაჟის თვალების
მზერით ალესილს...
და მე კი...
შენში დანაბინდები,
აღარად ვთვლიდი
ვინც შემხვედრია!
თუმცა...
არც_რაა გასაოცები,
მოწონება ხომ
ყველას ხვედრია...

Mittwoch, 6. Juli 2011

მთა-მთა


ჭიუხს ღრუბელნი შამამხვდნენ
დაწანწალობდნენ მთვრალები,
ნასახლარების შემყურეთ
ცრემლი უჩნოდათ თვალებში...
მეც  უგერგილოდ  დავუხვდი,
ვერ ვიყავ გუნებაზედა,
გაღმა გამოღმა ხევების
სიყრუვე, ჯავრით მავსებდა...
გავინაპირეთ ჩანჩქერთან,
ისიც ბეჩავად ჰკვნესოდა,
წინავ საფიხვნოს ამკლები
ჩქამ, აღარ ისმის ერდოდან...
წამოველ, გავიმარტოვე,
კლდე ჰყუდავ, დარდ არ იკადრა,
სიკვდილმა ლხინი გამართა,
ჯავრი გაჰკვნიტა ცისკარმა..







*   *   *

მომიხველ სტუმრად?
ქარო აშარო,
ამიჭრიალებ, ბებერ დარაბებს,
მოჰკვნეს, რომ დარდი ჩამოატარო,
ჩემს ჭიუხებთან მოლაპარაკე...

მოგისმენ...
წინ რომ გრძელი ღამე დევს,
გაზაფხულებად უკვე ავშიბე
და ჩემს სატკივარს უქმად დაეძებ,
დარდ ვერ მამხელავს, ფხოვლის ნაშიერს
02.03.2011

* * *

შეჩერდი ქარო!
მომაშორე ურცხვი ხელები,
ტანს ასხლეტილი
კაბის კალთით წლებში ვიბნევი...
მაცადე წუთით
ჰორიზონტი გადავიარო,
შორს მოვიტოვო
ეს უტეხი კლდენი ფრიალო...
წამო, ჩამოვსხდეთ
ბუხრის პირას
გიწვდი ალიონს...
წლებში დავკრიფოთ
წუთები
და წამში დავლიოთ...
ჩამკიდე ხელი,
ჩავიაროთ
ეს ჰორიზონტი...
და...
შენი როლი დაასრულე
ჩემს ეპიზოდში...
2009გერმანია

Donnerstag, 30. Juni 2011

ბოშა

რამდენი წუთი,
უშენობის უკვე დავფურცლე,
ბოშა ქალივით
ხელის გულზე ხაზებს დავცქერი,
სადღაც გზას ვკარგავ,
ლაბირინთებს ვერ გადავურჩი,
ზურგი ამტკივდა,
ნაკვალევზე შერჩა ნამქერი...
სულ ერთი წამი,
ერთადერთი, ჩვენი სიცოცხლის,
ლოდინისაგან
ფერმიხდილი ხელით იძარცვა,
მე ყველა შემხვედრს
ვუნაწილე - გული, სიმორცხვით,
და ახლა დავალ,
უგულოდ და უცხოდ...
                                               ვიღაცა...
მკერდში _ ტკივილებს მიმარხავ 
გული _ სულ ამომიცოხნე, 
სიკვდილო... 
მაინც მიყვარხარ, 
შენით დაფასდა სიცოცხლე..

* * *



მარტო ვარ, მარტო ამ სამყაროში,
ტკივილიც უბრად გამშორდა თითქო,
ლეგა ნისლებსაც გავუწყერ, ახლა
ტიალ ცრემლს  ვერც რა დააშრობს, ვფიქრობ...
ვერ მივეკედლე ზეცას, ვერა და
მიწა ვარჩიე, მიწა გულცივი,
ჩემს ნაფეხურებს არც ვინ ზვერავდა,
ჩამობინდებას რაღად ვუცდიდი ...